სამედიცინო უნივერსიტეტში დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
დიაბეტით დაავადებული 50 ბავშვი დღეს ყვარელში გაემგზავრა, სადაც მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი გაიხსნება.
ღონისძიებას ესწრებოდა დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
”დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დიაბეტით დაავადებული 50 ბავშვი ყვარელში, ბანაკში გაემგზავრება, სადაც ისინი დაისვენებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიარებიან და ასევე, შეისწავლიან, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს დიაბეტით დაავადებული ადამიანი. მათ უნდა იცოდნენ, რომ დიაბეტი ხელს არაფერში შეუშლით, რომ მათი მიზნები ახდენადია, ნებისმიერი ოცნება მიღწევადია”, – განაცხადა ხუნდაძემ.
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ACTS interational უკვე 23-ედ ახორციელებს.
”ორგანიზაცია ACTS interational იყო პირველი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შემოვიდა, მისი პრეზიდენტია პატრიცია ბლერი. ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალია ACTS Georgia, რომლის დირექტორია გია წილოსანი. ამ ორგანიზაციას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მათ შორის სამედიცინო უნივერსიტეტისთვის: კადრების მომზადება აშშ-ში, სტუდენტების სტაჟირება, პროფესორების სტაჟირება. დღეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ეხება ზაფხულის ტრენინგს დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის.
დიაბეტს სჭირდება მართვა და ნორმალური მართვის პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანი სრულყოფილია და ის განვითარდება ისე, როგორც დიაბეტის არ მქონე. სწორედ ამას ემსახურება ეს საზაფხულო სკოლა, ასევე მათ გაჯანსაღებას”, – განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ.