ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა კილაძის განცხადებით, ნარკომანიის ლიბერალიზაციის შემთხვევაში, არსებობს რისკები, რომ ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან გაიზრდება.
ამის შესახებ კილაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე, როგორც ექიმმა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი იწვევს ადამიანის თავის ტვინში სხვადასხვა სიმძიმის და ინტენსივობის ცვლილებებს. კვლევების საფუძველზე, რომელსაც ატარებს რამდენიმე ორგანიზაცია, დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა.
წამალდამოკიდებული პირების დაახლოებით 30% ნარკოტიკებთან ურთიერთობას მარიხუანის საშუალებით იწყებდა და ამის შემდეგ გადადიოდა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. საქართველოში გამოკითხული ინტრავენული მომხმარებლების 45 % -50 % თავის ურთიერთობას ნარკოტიკებთან იწყებდა მარიხუანის მოხმარებით“,-განაცხადა ლაშა კილაძემ.
მისი თქმით, ის პროცესები, რასაც ლიბერალიზაციას უკავშირდება, რისკების შემცველია და, მეორე მხრივ, ეს გახლავთ გზა (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია), საითკენაც მიდის ყველა ცივილიზებული საზოგადოება.
„ლიბერალიზაციის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკი დგას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხმარება იქნება გაზრდილი. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ეს რისკები აღმატებულ ხარისხში გადადის, რამდენადაც პრაქტიკულად უკონტროლო გახდება მათი მოხმარება. მარიხუანის მიღება დაკავშირებულია უფრო მძიმე და რთულ პრობლემებთან, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ“,-განაცხადა კილაძემ.