თბილისში ეწევიან თითქმის ყველგან და ყოველთვის. გამაფრთხილებელი ნიშანი “მოწევა აკრძალულია” მწეველთათვის კარგა ხანია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.
ბარებისა და რესტორნების ბევრი მომხმარებლისთვის თამბაქოს სპეციფიური სუნი დისკომფორტს უქმნის. სწორედ ამ მიზეზით ხშირად ვერ სტუმრობენ საყვარელ გასართობ ადგილებს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ არამწეველთათვის ერთადერთი კომფორტული საჯარო ადგილი სწრაფი კვების ობიექტებია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
გთავაზობთ, თბილისის კაფეებს, სადაც არ ეწევიან და არამწეველი მომხმარებლების სასიამოვნოდ დასვენებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ.
იმედია, სტატია არამწეველებს რამდენიმე ახალ კაფეს აღმოგაჩენინებთ, სადაც მეგობრებთან და ბავშვებთან ერთდ შეძლებთ დასვენებას.
გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ სწრაფი კვების ობიექტებში, როგორებიცაა “მაკდონალდსი”, “საბვეი”, KFC, “ელვისი”, “ტეხასური ქათამი” – მოწევა აკრძალულია.
ამო რამე amo rame
მყუდრო “სახელოვნო კაფე” ამო რამე პავლე ინგოროყვას #4–ში მდებარეობს. გემრიელი კერძები, ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი მომსახურება ყოველდღიურად ბევრ სტუმარს იზიდავს. ამო რამე სტუმრებს ყოველ დღე 12:00 დან 00:00 მდე მასპინძლობს. ეს კაფე შესანიშნავი ადგილია ხელოვნების მოყვარულებისთვის და რაც მთავარია აქ არ ეწევიან.
რეას ციყვები
პირველი სოციალური კაფე თბილისში, სადაც სხვებთან ერთად, დასაქმებულია რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. ეს უნიკალური კაფე გაიხსნა კავშირ “რეას” ინიციატივით და ავსტრიული Diakonie-ის მხარდაჭერით.
კაფე-გალერეაში გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც “რეას” საინტეგრაციო ცენტრში გაერთიანებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მიერაა დამზადებული სხვადასხვა სახელოსნოში.
კაფეს შემოსავალი მთლიანად ხმარდება კავშირ “რეას” ბავშვების და ახალგაზრდების საჭიროებებს.
რაც მთავარია “რეას ციყვებთან” არ ეწევიან.
კაფე ვერდე
მწვანე კაფე “ვერდე”, სადაც ზამთარშიც კი უამრავ ყვავილსა და ნარგავს ნახავთ, ამაშუკელის #16–ში მდებარეობს. ევროპული სამზარეულო, როიალი რომელიც თავისით უკრავს, არამწევეთათვის კომფორტული გარემო, სასიამოვნო მუსიკა – ისიამოვნეთ დამღლელი დღის შემდეგ კაფე “ვერდეში”.
Vino Underground
ტაბიძის #15–ში მდებარე ღვინის სახლში მუდამ სტუმრიანობაა. არა მხოლოდ განსაკუთრებული ხარისხის ღვინო და მასთან შეხამებული გემრიელი კერძები, არამედ მყუდრო ინტერიერი და რაც მთავარია, არამწეველთათვის კომფორტული გარემო ბევრ სტუმარს იზიდავს. ღვინის ბარი მომხმარებლებს ახალი ღვინის დეგუსტაციასაც ხშიარდ სთავაზობს.
ივერია
კაფე ივერია ვარდების მოედნის #1–ში მდებარეობს და სტუმრებს ყოველ დღე 10:00–დან 23:00 მდე მასპინძლობს. მყუდრო, მშვიდი გარემო, არომატული ყავა და გემრიელი სენდვიჩები, რაც მთავარია მათი დაგემოვნებისას ნიკოტინის არასასიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ.
ძველებური კაფე ნამი
ხოდაშენის #5–ში გემრიელი კერძები და ექსკლუზიური სასმელები, ძველი ნივთებით გაწყობილი კომფორტული, ხელმისაწვდომი და მყუდრო კაფე “ძველებური კაფე ნამი” გელოდებათ. კაფე არამწეველებისტვის ყოველ დღე 08:30–დან 02:00–მდე მუშაობს. საუზმე, ლანჩი, სასმელები, ევროპულ, ხმელთაშუაზღვის სამზარეულოსთან ერთად.
ლეილა
შავთელის # 18ში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ვეგეტარიანული კაფე ლეილა უნიკალური ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით ხიბლავს სტუმრებს. არამწეველებს ექსკლუზიური გობის დაგემოვნება თამბაქოს სუნისა და კვამლის გარეშე კომფრტულ გარემოში შეუძლიათ.
რონნის პიცა
თბილისში, პიცის ყველა მოყვარულმა იცის ადგილი, სადაც შეიძლება უგემრიელესი ამერიკული პიცის დაგემოვნება და დროის სასიამოვნოდ გატარება. რონიში არ ეწევიან, ალბათ სწორედ ამიტომ ვერ ავუვლი გვერდს არომატულს ფოქეთს, ხორცით, შებოლილი ლორითა და დამდნარი ყველით სავსე ტკაცუნა ფირფიტასა და სუპერ სთიქსს.
Yard Burger
თაყაიშვილის #3–ში მდებარე Yard Burger სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, მაგრამ უკვე დაიბყრო მომხმარებელთა გულები. ძველი და ახალი ამერიკული ბურგერების სახლი მომხმარებლებს წვეულებებსაც სთავაზბს, ბავშვებისთვის კომფორტული გარემო, აკრძალვა თამბაქოზე და takeaway სტუმრებს თანდათანობით იზიდავს.
ანტრე
ფრანგული პურ-ფუნთუშეულის, ღვეზელების, სენდვიჩების, სუპების, სალათების, საკონდიტრო ნაწარმის და ნაყინის გარდა, დილის 8-დან 11 საათამდე “ანტრე” გთავაზობთ ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ და სხვა კლასიკურ საუზმეებს. ყველა ამ გემრიელი, ჯანმრთელი პროდუქტის დაგემოვნება შეგიძლიათ “ანტრეს” მყუდრო, სიგარეტის კვამლისა და ალკოჰოლისგან თავისუფალ, თანამედროვე კაფეტერიაში.
პროსპერო
პროსპეროს ყავის სახლში დასვენება და ფინჯანი არომატული ყავის მირთმევა სენდვიჩებთან და ნუგბართან ერთად ყოველ დღე 9:30–დან – 9:00–მდე შეგიძლიათ. თამბაქოს სუნისგან თავისუფალ კაფეში ჩაის ან ყავის მარცვლების შეძენაც შეიძება.
Luca Polare
უგემრიელესი ნაყინი და მეტი, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ლუკა პოლარეს ფილიალებში სტუმრობისას მომსახურე პერსონალი აუცილებლად შეგახსენებთ რომ ლუკა პოლარეში არ ეწევიან.
სტრადა
კაფე-რესტორანი სტრადა მომხმარებელს სთავაზობს განცალკევებულ ოთახებს მწეველებისა და არამწეველებისთვის, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ბევრი არამწეველისთვის. გაატარეთ დრო სასიამოვნო გარემოში და დააგემოვნოთ უგემრიელესი მენიუ სანდრო ეულის #7–ში კაფე სტარდა 10:00–დან 01:00–მდე მუშაობს.
Book corner
მყუდრო არტ კაფე Book Corner სტუმრებს 11:00–დან 03:00–მდე მასპინძლობს. არომატული სასმელები, კარგი წიგნები და რაც მთავარია კომფორტული გრემო თამბაქოს გარეშე.