მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თიბისი ბანკმა თემაზე „საპენსიო რეფორმა საქართველოში” ფორუმი გამართა
თიბისი ბანკმა თემაზე „საპენსიო რეფორმა საქართველოში” ფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა თემაზე „საპენსიო რეფორმა საქართველოში” ფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა თემაზე „საპენსიო რეფორმა საქართველოში” ფორუმი გამართა. ფორუმის მასპინძლები თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძე იყვნენ.

ფორუმს ასევე საფინანსო-ეკონომიკური სფეროს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრა დისკუსიასა და აზრთა გაცვლის პროცესში წარიმართა. მსჯელობა ძირითადად, ქვეყანაში არსებულ საპენსიო სისტემის გამოწვევებს შეეხო.

მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა.

თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

„შინაარსობრივად ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მე მას მივესალმები. გვაქვს ისეთი ტექნიკური საკითხები, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია და მასზე მსჯელობის შემდგომ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. რეფორმა რაც უფრო დროულად ამოქმედდება უკეთესი იქნება. მთავარია ის, რომ როგორც ეს 2018 წლის ბიუჯეტშია გაწერილი, სწორედ იმ პერიოდში  ამოქმედდეს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ჩვენი შეფასებით სისტემის მიზანი ძალიან კარგია, თუმცა ვფიქრობთ, რომ განხორციელების გზა და ხერხები პრობლემატურია. აღიშნული კონცეფცია მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ეს აუცილებლად გაზრდის ზეწოლას და დანახარჯს ბიზნესში. განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესში. ასევე, აისახება დასაქმებულთა რაოდენობაზე. რეფორმა არაფორმალური ეკონომიკის გაჩენის რისკებს ქმნის. ძალიან ბევრი საკითხია რომლის სიღრმისეული განხილვაა საჭირო. საპენსიო რეფორმის იმ პირობებში დაწყება, როდესაც კაპიტალის ბაზარი ფაქტობრიბად არ გვაქვს ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.

„ამ ვარიანტს არ ვემხრობი, რადგან ის გადასახადების ზრდას იწვევს და ჩემი მხარდაჭერა ამ რეფორმას ამ ეტაპზე არ ექნება. ხელისუფლებას სინამდვილეში არავითარი კვლევა არ აქვს ჩატარებული. ეკონომიკის სამინისტროსგან ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა მათ ვერ მოგვაწოდეს. რეალურად მთავრობა ვერ ასახელებს, რომელი ქვეყნის მოდელი გვაქვს გამოტანილი. ხარვეზი უამრავია და ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი სრულყოფილი არ არის. საბოლოო ჯამში არ ვარ მოწინააღმდეგე, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არსებობდეს, რადგან თუ შენიშვნების გათვალისწინება მოხდება სიტუაციაც სხვაგვარად წარიმართება“, – აღნიშნა ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს. დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს. სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. 

commersant.ge

იხილეთ ასევე

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა …