მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საპარტნიორო ფონდი ჰუმანითის ქარხანას აღარ დააფინანსებს
TI: საპარტნიორო ფონდი ჰუმანითის ქარხანას აღარ დააფინანსებს

საპარტნიორო ფონდი ჰუმანითის ქარხანას აღარ დააფინანსებს

თბილისი (GBC) – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „საპარტნიორო ფონდისა” და „ჰუმანითი ჯორჯიას“ურთიერთობით დაინტერესდა, აცხადებს, რომ კითხვები კვლავ რჩება.

ორგანიზაცია საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 17 დეკემბერს გადაცემა „ბიზნესკურიერში” გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საპარტნიორო ფონდი’’ სს „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას აღარ აფინანსებს.

ორგანიზაციამ ფონდისგან ოფიციალური წერილობითი პასუხი მიიღო.

წერილში ნათქვამია, რომ 2015 წელს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ ერთობლივად, ინიცირებულ იქნა საქართველოს ფარმაცევტულ დარგში განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მოიცავდა ორ კომპონენტს: პირველი კომპონენტი – საწყის ეტაპზე მედიკამენტების იმპორტი საქართველოში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებში, ხოლო მეორე ეტაპი – ფარმაცევტული ქარხნის, GMP სტანდარტების ფარმაცევტული ლაბორატორიისა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის ერთობლივი მშენებლობა და ოპერირება.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველი კომპონენტის (წამლების იმპორტის) განხორციელების მიზნით „საპარტნიორო ფონდსა“ და „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 9 359 438 აშშ დოლარის სესხის გაცემას იმ მიზნით, რომ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულიყო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებში და მათი სარეალიზაციო ქსელში მიწოდება. ამ პროექტის ფარგლებში „ჰუმანითი ჯორჯიამ“ განახორციელა 600-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია ადგილობრივ ბაზარზე და მათი დიდი ნაწილის სააფთიაქო ქსელში განთავსება.

რაც შეეხება პროექტის მეორე კომპონენტს – ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას, წერილის მიხედვით, 2015 წლის 22 დეკემბერს „საპარტნიორო ფონდს“, „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და ავსტრიულ კომპანია Humanity Holding GmbH-ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების თაობაზე, სადაც ფონდის მონაწილეობა ითვალისწინებდა ქარხნის მშენებლობაში ინვესტირებას, მათ შორის, გაცემული სესხის კაპიტალში კონვერტაციას. აღსანიშნავია, რომ პარტნიორთა შეთანხმება არ შესულა ძალაში ფონდის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ნაწილში და შესაბამისად, ფონდის მიერ არ მომხდარა „ჰუმანიტი ჯორჯიას“ კაპიტალში ინვესტირება.

ფონდის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ 2016 წლის ბოლოს გადაიხედა ფონდის 2017 წლის ბიუჯეტი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის პროექტი სამომავლოდ გადაიდო. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით „საპარტნიორო ფონდი“ და „ჰუმანითი ჯორჯია“ ურთიერთობენ ერთმანეთში მხოლოდ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც კრედიტორი და მსესხებელი. სესხი უზრუნველყოფილია „ჰუმანითი ჯორჯიას“ როგორც ყველა აქტივით ისე კომპანიის 100% წილით, ასევე უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებებით.

რაც შეეხება „ჰუმანიტი ჯორჯიას“, ის წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და იგი აგრძელებს წამლების მიწოდებას საქართველოს ბაზარზე „საპარტნიორო ფონდისგან’’ დამოუკიდებლად.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  მიიჩნევს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას’’ პროექტის გარშემო განვითარებული ბოლო მოვლენები და მათ შესახებ გავრცელებული არათანმიმდევრული ინფორმაცია კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვებს და ეჭვებს.

gbc.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …