პრევენციის ეროვნული მექანიზმებისთვის ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებითა და წამების პრევენციის ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი“.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგთან დაკავშირებით პრევენციის ეროვნული მექანიზმების გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი, სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის აუცილებელი უნარებისა და მეთოდების შესწავლა იყო.
როგორც ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტი როკიშკისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ სამდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები ევროპის 17 ქვეყნიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია და ამავე დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი აკაკი კუხალეიშვილი, შეხვედრას მასპინძლობდა ლიტვის ომბუდსმენის ოფისი.
”აქტივობებს უძღვებოდნენ წამების პრევენციის ასოციაციის ექსპერტები. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სამედიცინო და ფსიქიატრიის დარგის ექსპერტები, მათ შორის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის ექსპერტი, რომლებიც მონაწილეებს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ განხილვებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გამოცდილება და ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.