მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თბილისში არსებული შენობების დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის საშიშია
ასეთი შენობების რაოდენობა საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში საკმაოდ დიდია, შესაბამისად მაღალია ინტოქსიკაციის რისკიც,

თბილისში არსებული შენობების დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის საშიშია

ბოლო პერიოდში საზოგადოების შეშფოთების საგანი გახდა ინფორმაცია რამდენიმე კვებით პროდუქტში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სანელებელში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას ნამდვილად აჭარბებს. სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა – დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა – 4 ნიმუშში გამოვლინდა. საუბარია წითელ წიწაკაზე, მშრალ აჯიკაზე და სხვ. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული გაფრთხილება, სადაც უწყება განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულ ქალებს ქართული სანელებლების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ასე თუ ისე, ეს პრობლემა რეაგირებას ექვემდებარება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრიდან აღნიშნული სანელებლების ამოღება, თუმცა პრობლემა, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, გაცილებით მასშტაბურია და არა მხოლოდ საქართველოსთვის.

ირკვევა, რომ 1978 წლამდე აშენებული, ან გარემონტებული შენობები ტყვიის მაღალი შემცველობით ხასიათდება, ვინაიდან იმ პერიოდის საღებავებში დიდი ოდენობით ტყვიასა და მძიმე მეტალებს იყენებდნენ. ასეთი შენობების რაოდენობა საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში საკმაოდ დიდია, შესაბამისად მაღალია ინტოქსიკაციის რისკიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანის, ძირითადად კი ბავშვების ორგანიზმში შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობდეს.

ტყვიის და, ზოგადად, მძიმე მეტალების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. ბოლო ხანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ მიმართულებით მუშაობა ერთი ორად გაააქტიურა. ორგანიზაციაში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება, როგორ უნდა ებრძოლონ ქვეყნები ტყვიის ჭარბ შემცველობას.

ზოგადად, განვითარებული ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს, საწვავის ხარისხს, გარემოს დაბინძურებას, იგივე ნარჩენების მართვას… ასეთ ქვეყნებში ტყვიის შემცველობის რისკები დაბალია, განსხვავებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისგან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს სუფთა გარემოს შენარჩუნებაში, მათ შორის ტყვიით ინტოქსიკაციის ახალი წყაროების ელიმინაციაში, ისინი საბოლოოდ მაინც ვერ გადაურჩნენ ამ რისკებს, ვინაიდან ამ მეტალს აქვს თვისება, რომ ათწლეულების განმავლობაში შეიძლება დარჩეს ნიადაგში და, შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენდეს მოსახლეობისთვის.

ახალი გამოფრქვევის, ან ინტოქსიკაციის წყაროები შეიძლება ჩამოვიდეს ნულამდე, მაგრამ წინა ათწლეულების განმავლობაში ნიადაგში დაგროვილი ეს ნივთიერება მაინც საფრთხის შემცველია.

საქართველოს შემთხვევაში რისკი ორმაგად დიდია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სერიოზული პრობლემაა სუფთა გარემო და ნარჩენების მართვის სისტემის არარსებობა, მეორე მხრივ კი, ძველი შენობები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წელს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ინტენსიურად იწყებს სახელმძღვანელოს და რეკომენდაციების შემუშავებას იმისთვის, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის ახალ გამოწვევებს უპასუხონ ქვეყნებმა. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უახლოეს პერიოდში საქართველოში იგეგმება დიდი კვლევის ჩატარება და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. შეუერთდება თუ არა ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ტყვიით დაბინძურების კერებს, ეს სწორედ ამ კვლევის შემდეგ გამოჩნდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვითარებული ქვეყნები ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ უძრავი ქონების აგენტები გააფრთხილა, რომ კლიენტს საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რამდენად დასაშვებია  შენობაში ტყვიის შემცველობის დონე. გარდა ამისა, მოსახლეობას ურიგდება სპეციალური ბუკლეტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ტყვიით ინტოქსიკაციის კერები.

სანამ ხელს მოაწერთ კონტრაქტს, დარწმუნდით, რამდენად უსაფრთხოა გარემო, სადაც თქვენ და თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვროთ – დაახლოებით ასეთია აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს გზავნილი საკუთარი მოქალაქეებისადმი. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ ობიექტებზე თავისთავად ძველი საღებავი იმდენად არ ქმნის პრობლემას, რამდენადაც მასთან დაკავშირებული მტვრის არეალები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დასუფთავება და მტვრისგან თავის არიდება. ცხადია, საქართველოში ბევრს არ აქვს საშუალება, ახალი რემონტი გააკეთოს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ეს მინიმალური სტანდარტი მაინც იქნას გათვალისწინებული. საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომ ბავშვები მოვარიდოთ ახალ ჩატარებულ რემონტს, ხოლო ბავშვებს, რომლებიც პოტენციურად ტყვიის ინტოქსიკაციის არეალში ცხოვრობენ, სკრინინგი უნდა გაიარონ.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ტყვიის ჭარბი დოზების შემცველი საღებავები და სამშენებლო მასალები ქართულ ბაზარზე დღესაც იყიდება.

„ამ პრობლემას ცივილიზებულმა ქვეყნებმა კარგა ხნის წინ გამოუცხადეს ბრძოლა, საქართველოში კი, როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდხანს ვერ მოგვარდება. დასავლეთის ქვეყნებში წლებია, მიმდინარეობს იმ სამშენებლო მასალების ამოღება და მთელი რიგი შენობების კონსერვაცია, სადაც ტყვიის გადაჭარბებული დონე დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ჩვენთან შენობა-ნაგებობების 80-90 პროცენტი, მათ შორის ე.წ. „ხრუშოვკები“ ასეთი მასალებით არის აშენებული. მეტსაც გეტყვით, სხვადასხვა ბაზრობებზე, მათ შორის ელიავას ბაზრობაზე დღესაც გამოტანილია საღებავები და სამშენებლო მასალები, რომელთა წარმომავლობა და დაბალი ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ კვლავაც ტყვიის მაღალ შემცველობებთან გვაქვს საქმე. ასეთი მასალების რეალიზაცია ყველგან აკრძალულია, რადგან ისინი შეიცავენ სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელ ნივთიერებებს.

კარგი იქნება, თუ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და მოხდება ქართულ ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალების გამოკვლევა, თუნდაც ტყვიის შემცველობაზე. დიდი ალბათობით, შედეგი არასახარბიელო აღმოჩნდება“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გია ბურჯანაძე.

საინტერესოა, რა ზიანი გვადგება ტყვიით ინტოქსიკაციის დროს? ტყვია მეტალია, რომელიც მომწამვლელდ მოქმედებს ადამიანზე და გავლენას ახდენს მისი ორგანოების ფუნქციონირებაზე. ტყვიის დიდი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი. ამ დრომდე ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის დასაშვები დონედ მიჩნეული იყო 10 მკგ/დლ. თუმცა ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 მკგ/მლ-მდე ჩამოიყვანა. დასაშვები მინიმალური კონცენტრაციის შეცვლა ტყვიის მზარდმა გავლენამ გამოიწვია.

ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული ტყვიით მოწამვლის აშკარა სიმპტომები. ამიტომ ტყვიით მოწამვლის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო შემოწმება პირველადი პრევენციის მიზნით.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლასთან დაკავშირებული მახასიათებლებია: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალი მაჩვენებლები, დაქვეითებული მეტყველებით გაშუალებული უნარები, ჰიპერაქტიულობა, კითხვის სირთულეები, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი პრობლემები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი, ზრდისა და განვითარების დარღვევა.

როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ტყვია? საღებავები, რომელთაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის, საბავშვო სათამაშოების შესაღებად) იყენებენ, სხვადასხვა დოზით შეიცავს ტყვიას. განვითარებულ ქვეყნებში 1970-იანი წლებიდან დამზადებული საღებავები აღარ შეიცავს ტყვიას, მაგრამ ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში მაინც ხვდება მანამდე აშენებული შენობებისა და ავეჯის ზედაპირიდან.

გარდა ამისა, ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს, პირველ რიგში, ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.

მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანებიც, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

შედარებით ნაკლებია სასმელი წყლიდან ტყვიით მოწამვლის ალბათობა, მაგრამ ინდუსტრიული წარმოების რაიონებში, სადაც არ იცავენ ნარჩენების უსაფრთხო იზოლაციის წესებს, წყალიც შეიძლება დაბინძურდეს.

რაც შეეხება საკვებს, სტატიის დასაწყისში ნახსენები სანელებლები გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან, როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მატება ხშირია სხვა სახის საკვებიდანაც. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება. ამავე დროს, ტყვიის დონე საკვებში მატულობს ტყვიის შემცველი შესაფუთი კონსერვის ქილებიდანაც.

primetime.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …