2016 წლის 31 მაისს “ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლაში, სკოლის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი სემინარი “სტომატოლოგიური კლინიკების სახელმწიფო ვალდებულებები და ადმინისტრაციული წარმოების საკითხები” ჩატარდა.
სემინარზე სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის მთავარმა სპეციალისტებმა, ზია სიჭინავამ და დალი ჭიჭინაძემ მოხსენებები სამედიცინო დაწესებულებებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ წარმოადგინეს.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით 2016 წლის 4 იანვარს შეიქმნა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს სამედიცინო სფეროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების რეგულირება და კონტროლი.
სამედიცინო სფეროში დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოებს კვლევის სხვადასხვა მეთოდებით, რომლებიც გამოიყენებენ, როგორც რადიაქტიურ ნივთიერებებს ე. წ. რადიოფარმპრეპარატებს. ასევე, მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელ წყაროებს ე.წ. გენერატორებს.
რაც შეეხება დიაგნოსტიკურ მეთოდებს სტომატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი დანადგარები.
რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარები წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: დენტალური რენტგენოდანადგარი გამოსახულების მიღებით ფირებზე, დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარი გამოსახულების ციფრული მიმღებით (ვიზიოგრაფები), პანორამული რენტგენოდანადგარი (ციფრული და ფირებზე მიმღებით), ასევე, ბოლო პერიოდში პრაქტიკაში დანერგილია კომპიუტერული ტომოგრაფიული დენტალური დანადგარი. შესაბამისად მათი სახეობისა რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დიფერენცირებულია.
სპიკერებმა დეტალურად განიხილეს სტომატოლოგიური დიაგნოსტიკის მარეგულირებელი ყველა დოკუმენტი: საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ, ტექნიკური რეგლამენტი − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილება), ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმები“ დამტკიცების შესახებ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვარის №83 დადგენილება), ტექნიკური რეგლამენტი – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების,ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბერის №689 დადგენილება და სხვ.
გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირების სიახლეები:
- შეიქმნა ელექტრონული ლიცენზირების სერვისი (ბიზნეს პორტალი);
- გამარტივდა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღებასთან, გაუქმებასთან და მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურები;
- გამარტივდა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის წარდგენა;
- ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეექმნათ ერთიანი საქმის წარმოების ელექტრონული ბაზა ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე
გარდა ამისა, განხილული იყო ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების საკითხები. დოკუმენტები, რომლებიც უნდა გააჩნდეს ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც რენტგენოდიაგნოსტიკურ გამოკვლევას აწარმოებს:
- ლიცენზია (შესაბამისი ბრძანება, სალიცენზიო მოწმობა);
- რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის პროექტი, რადიაციული დაცვის შესაბამისი გაანგარიშებით;
- რენტგენის დანადგარების ჩამონათვალი, მათი მონაცემები და მოხმარების დოკუმენტაცია/ინსტრუქციები სახელმწიფო ენაზე;
- შესაბამისი რეკომენდაციები (გაიდლაინები), სტანდარტული პროცედურების აღწერა (ოპტიმალური რეჟიმები);
- დანადგარების ტექნიკური მომსახურების დოკუმენტები, საკონტროლო-ტექნიკური ჟურნალი;
- რადიაციული დაცვის პროგრამა (მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები);
- პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების მონიტორინგის მონაცემები;
- რენტგენოდანადგარების ხარისხის კონტროლის ოქმები;
- პერსონალის კვალიფიკაციის, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში გადამზადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- საკონტროლო-საზომი, დოზიმეტრიული აპარატურის დაკალიბრების დოკუმენტები;
- ჩატარებული რენტგენოლოგიური პროცედურების აღრიცხვის ჟურნალი (ან ელექტრონული); პაციენტის დოზების აღრიცხვის ამსახველი დოკუმენტაცია (ჟურნალი, აღრიცხვის ფურცელი, მონაცემთა ბაზა და სხვა);
- რადიაციული უსაფრთხოების და რადიაციული ავარიების პრევენციის და შედეგების ლიკვიდაციის ინსტრუქციები /გეგმა.
- რენტგენოდანადგარების ტექნიკური მომსახურების ჟურნალი (მონტაჟის, რემონტის, ტესტირების, მომსახურების ჩანაწერები);
სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით დაკისრებული ახალი ვალედებულება – გარემოსდაცვითი მმართველი გააცნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირმა გურგულიანმა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ. სპიკერებმა ყველა ის ძირითადი, მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც ზემოაღნიშნული კოდექსითაა განსაზღვრული.
ნარჩენების მართვის კოდექსი ევროკავშირთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით შეიქმნა, რომლის მიზანსაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია და შემცირება, ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და ნარჩენის, როგორც რესურსის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები ყველა სტომატოლოგიურ დაწესებულებაზე ვრცელდება, ვინაიდან, ყველა სტომატოლოგიური დაწესებულება სახიფათო სამედიცინო დარჩენებს წარმოქმნის, ნარჩენების მართვის კოდექსის ახალი ვალდებულება კი ყველა იმ კომპანიაზე ვრცელდება, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და ეკისრებათ ვალდებულება განსაზღვრონ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი, რომლის შესახებაც ინფორმაცია (სახელისა და გვარის მითითებით) უნდა გაეგზავნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
კლინიკაში დანიშნული გარემოსდაცვითი მმართველის ძირითად ვალდებულებებს კი წარმოადგენს:
- ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება;
- ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება;
- ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის (თვითმონიტორინგი) განხორციელება.
ხოლო კლინიკის პასუხისმგებლობაშია:
- კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და პერიოდული განახლება;
- გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრა;
- “დამბინძურებელი იხდის” – პრინციპის ვალდებულება;
- ნარჩენების კლასიფიკაციის და ინვენტარიზაციის დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება;
- აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულება;
ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, განთავსების, გადამუშავება/რეციკლირების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს წარმომადგენლმა, ქ-ნ-მა მზია ჯოხიძემ, სტომატოლოგიური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საკითხებზე ისაუბრა. განიხილა სტომატოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უმთავრესი მოთხოვნები და პრინციპები.
სემინარი სკოლის ხელმძღვანელის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით დასულდა, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტი, “რეკომენდაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ” გააცნო აუდიტორიას, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და სტომატოლოგიურ კლინიკებთან ასოცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.
დოკუმენტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე მომზადდა და მიზნად ისახავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის სტანდარტებისა და სამედიცინო მომსახურების გამწევ პირთა ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება და მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს ან / და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია.
სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. მათ მიერ პაციენტის პირადი ცხოვრების პატივისცემა და მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას და პაციენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
საქართველოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის საკითხები ძირითადად რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მთავრობის დადგენილებებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტებით.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებისას მნიშვნელოვანია ყველა საკანონმდებლო აქტის გამოყენება, ხოლო რეგულაციებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტს. რეკომენდაცია განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის და ითვალისწინებს სახელმძღვანელო წესებს ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავების, უსაფრთხოების ზომების და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. {ამონარიდი დოკუმენტიდან}