მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სკოლებში სასმელი წყალი დაბინძურებულია
იმ ფონზე, როცა საუბარია სასმელი წყლის დაბინძურებით დაავადების შესაძლო განვითარებაზე, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რატომ არ გასაჯაროვდა კვლევის სრული ანგარიში და განხორციელდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები პრობლემის მოგვარების მიზნით.

სკოლებში სასმელი წყალი დაბინძურებულია

129 შემოწმებული სკოლიდან 45-ში წყლის სინჯები „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული შეუსაბამობა სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული. ექსპერტების თქმით, სასმელი წყლის შეუსაბამობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადებების განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს.

აღნიშნული შედეგების ფონზე, პასუხისმგებელი უწყებები მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლებიან და არავინ არ განუმარტავს მშობელს, სვამს თუ არა მისი შვილი სკოლაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალს.

სასმელი წყლის კვლევის შედეგები, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტოს 2015-2016 წლებში ჩაატარა, სახალხო დამცველმა ოფიციალურად გამოითხოვა და გაასაჯაროვა. კვლევის შედეგები სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე არ გასაჯაროებულა, მათ მხოლოდ კვლევის ზოგადი მიმოხილვა დაწერეს. თუ თქვენ შეეცდებით, გაიგოთ, რომელია ის 45 სკოლა, სადაც სასმელი წყალი ტექნიკური რეგლამენტით გაწერილ მოთხოვებს არ შეესაბამება, ამ მონაცემებს, უბრალოდ, ვერსად ნახავთ.

მოგიწევთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით მიმართოთ და კვლევის დეტალურ ანგარიშსაც კანონით განსაზღვრულ ვადაში მიიღებთ.

ამჯერად ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოითხოვა და იმ სკოლების სიაც გაასაჯაროვა, სადაც სასმელი წყლის პრობლემები გამოიკვეთა. იმ 45 სკოლიდან, სადაც სასმელი წყლის სინჯი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ყველა რეგიონში მდებარეობს.

სკოლების ჩამონათვალი თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს: სამეგრელოს, აჭარას, იმერეთს, შიდა ქართლს, კახეთს… ერთსა და იმავე ქალაქში წყლის პრობლემა რამდენიმე სკოლას აქვს. ამის კარგი მაგალითია ზუგდიდი, სადაც სასმელი წყალი ტექნიკური რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს 6 სკოლაში არ შეესაბამება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიასთან საუბრისას განმარტავს, სასმელი წყლის შეუსაბამობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს, მათ შორის კი ყველაზე ხშირი დიარეული დაავადებებია.

ამირან გამყრელიძე:

„ის, რაც სახალხო დამცველმა განაცხადა, ყურადსაღებია, იმიტომ რომ სანიტარიული წესრიგის დაცვა ყველგან და განსაკუთრებით სკოლებში, სადაც მოწყვლადი ფენაა – ბავშვები, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.

წყლის ხარისხი მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, რადგან მას შეუძლია ძალიან ბევრი დაავადების გამოწვევა, რომელიც უფრო სერიოზულად ბავშვებში მიდის და რომელსაც სამედიცინო ენაზე ვეძახით დიარეულ დაავადებებს და რომლის გამომწვევიც შესაძლოა, მრავალი მიკრობი იყოს და ეს დაავადებები საჭიროებენ მკურნალობას, საუკეთესო გზა ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკა და პრევენციაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, წყლის ხარისხის მონიტორინგზეა დამყარებული. დაავადებას იწვევს მიკრობი და ვირუსი, რომლის გადადების წყაროც შეიძლება იყოს დაბინძურებული წყალი“.

იმ ფონზე, როცა საუბარია სასმელი წყლის დაბინძურებით დაავადების შესაძლო განვითარებაზე, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რატომ არ გასაჯაროვდა კვლევის სრული ანგარიში და განხორციელდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები პრობლემის მოგვარების მიზნით.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ ფაქტზე მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა და ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართა, დაინტერესდნენ წყალთან დაკავშირებული პრობლემებით და პრევენციისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ.

„უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარიული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარიული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ მოწესრიგებას“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

განათლების სამინისტრო სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს უარყოფს. სამინისტროს პოზიციით, აღნიშნული პრობლემები არც ერთ სკოლაში არ დაფიქსირებულა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღნიშნული განცხადების გაკეთებისას წყალმომარაგების კომპანიების მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ ანალიზს ეყრდნობა.

ლია გიგაური:

„წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში. წყალმომარაგების კომპანიები წყლის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს. თუნდაც ოდნავი გადახრის შემთხვევაში, ისინი წყვეტენ წყალმომარაგებას და შესაბამის ღონისძიებებს იღებენ. წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება“.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით კი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი, მათ შორის სასკოლო დაწესებულებებში, სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია, თუმცა სამინისტრო მათთან აქტიურად თანამშრომლობს.

დავით სერგეენკო:

„სასკოლო დაწესებულებების წყლის მომარაგებაზე 2014 წლიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთობლივად მუშაობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია რუკა, სად, რა ტიპის წყალმომარაგებაა. სად რა ტიპის ხარვეზებია. გაწერილია გეგმა, სად, როგორ უნდა მოგვარდეს ყველაფერი. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი შესრულებულია.

ზოგადად, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი, მათ შორის, სასკოლო დაწესებულებებში სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენციაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან“.

კვლევის ავტორისა და შემსრულებლის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, აღმოჩენილი დარღვევები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კვლევის შედეგები, სახალხო დამცველის მიერ ინფორმაციის გამოთხოვამდე, მედიაში არ გამოქვეყნდა.

„პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა. გაირკვა, რომ 45-ვე სკოლას, სადაც სასმელი წყლის სინჯი არ შეესაბამებოდა კანონით გაწერილ რეგულაციებს, დაეგზავნა რეკომენდაციები და მითითებების შესრულების მონიტორინგი ამ დრომდე ხორციელდება.

კახა სოხაძე:

„ეს დარღვევები არ წარმოადგენდა პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დარღვევებს, ეს არის ინდიკატორული მაჩვენებლებით გამოწვეული დარღვევები, რომელიც მიანიშნებს სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების წერტილებში პრობლემებზე, შესაძლებელია, ქსელი იყოს დაზიანებული, ამორტიზებული, მოძველებული. მაქსიმალური ალბათობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. იმიტომ არსებობს შემდგომში შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, რომ პრევენცია მოხდეს შესაძლო განვითარების.

– ანუ თუ ამ წყლის მოხმარება რაიმე დაავადების მაპროვოცირებელი არ გახდება? 

– არ არის. ობიექტურად რომ განვიხილოთ, ამ სკოლებში მოწამვლის შემთხვევებიც არ ყოფილა. ეს არის სანიტარიული მაჩვენებლები და ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ იქ გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

– ანუ მშობლებს არ უნდა შეეშინდეთ და ეს წყალი ჩვეულებრივ უნდა დალიონ მათმა შვილებმა? 

– ჩვეულებრივად არ უნდა დალიონ. მე მინდა განვაცხადო, რომ ყველა ასეთ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების მიმართ რეკომენდაციაა გაცემული, ეს იქნება კომპანია, სკოლა თუ ადგილობრივი თვითმმართველობა.

– ანუ თქვენ გაეცით რეკომენდაციები? 

– დიახ, ყველა შესაძლო შემთხვევაზე რეკომენდაციებია გაცემული.

– რა წერია ამ რეკომენდაციებში და რა ვადები მიეცით? 

– აქ ერთ და ორ კვირაზე საუბარი არ არის, მალე უნდა მოწესრიგდეს.

– მონიტორინგს თუ ახორციელებთ? 

– კი, რა თქმა უნდა, და ტენდენცია გამოსწორებისკენაა. ეს დარღვევები გრანდიოზულ სამუშაოებს არ ითხოვს. რა თქმა უნდა, რეაგირება ძალიან სწრაფად მოხდა, რადგან საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება.

– იმ პერიოდში, როცა პრობლემები გვარდებოდა, თქვენი რეკომენდაციების მიხედვით ამ წყლის მიღება აკრძალული იყო სკოლებში? ან წყალი გადაკეტილი იყო? 

– ეს დარღვევები ძირითადად აღმოჩენილია ზაფხულში და ამ პერიოდში სასწავლო პროცესი ან შეჩერებული იყო, ან ჩერდებოდა. მოგეხსენებათ, რომ მიკრობების განვითარებისთვის თბილი პერიოდი არის გადასარევი დრო. ცივ პერიოდში მიკრობები შეზღუდულად მრავლდება. ეს იყო პერიოდი, როცა სასწავლო პროცესი იყო შეჩერებული.

– ამ კვლევებმა, ზოგადად, რა შედეგები აჩვენა? 

– პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის მმართველი კომპანიის, ვის ბალანსზეცაა შესაბამისი წყალმომარაგების სისტემა. შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის, თვითმმართველობის და სასწავლო დაწესებულების. რაც შეეხება მდგომარეობას, წყლის მესამედზე მეტი არ შეესაბამება რეგულაციებს, რაც საჭიროებს პროექტების გატარებას და ჩვენ ამ პროექტებს ვახორციელებთ და მდგომარეობა საგრძნობლადაა გამოსწორებული წინა წლებთან შედარებით.

წყლის სანიტარიული მიმართულებით რომ პრობლემებია, ამას ყველა აღიარებს, განათლების სამინისტროს გარდა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პრობლემის კვლევას გააგრძელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო გვამშვიდებს, რომ ღელვის საფუძველი არ არის და შედეგები არც საგანგაშოა. მაგრამ მანამ, სანამ კიდევ ვინმე გამოითხოვდეს ინფორმაციას წყლის სანიტარიული ნორმების შესახებ, ჩვენ გთავაზობთ იმ სკოლების ზუსტ ჩამონათვალს, სადაც სასმელი წყალი ტექნიკური რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

2015 წლის კვლევა:

მცხეთა-მთიანეთი, სოფ. ძეგვის სკოლა (ხეკორძულას წყალი)
ხაშურის რაიონი, სოფელ ცხამურის საჯარო სკოლა
ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხცისის სკოლა
ყვარელი, სოფელი შილდა, შილდის #1 საჯარო სკოლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორმაღალი, საჯარო სკოლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლა (სინჯი ეზოდან არის აღებული)
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. ფერსათის #1 საჯარო სკოლის დერეფანი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. წითელხევის ტ. კვირიკაშვილის სახ. საჯარო სკოლის ეზო
ასპინძა რუსთაველის ქ#7, ასპინძის საჯარო სკოლი
გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. კარალეთის #1 საჯარო სკოლა
საჩხერის რ-ნი, სოფ. კორბოულის საჯარო სკოლა
გალის რ-ნი, სოფ. ცხირის სკოლის გვერდით
ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ისრითი, საჯარო სკოლის ეზო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლეღვას #2 საჯარო სკოლა
მესტიის რ-ნი, სოფ. ლატალის საჯარო სკოლა
შუახევი, სოფ. ნენიას სკოლის მიმდებარე ტერიტორია
კასპის რ-ნი, სოფ. სასირეთის სკოლის წინ არსებული ონკანი
სამტრედიის რ-ნი, სოფ. ნოღა, აკაკი შანიძის სახელობის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩოლბარგის სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩიბათის სკოლა
ამბროლაურის რ-ნი, სოფ. ნიკორწმინდა, საჯარო სკოლა
ქ. ზუგდიდი, #10 საჯარო სკოლა, ესებუას ქ. #3
ქობულეთი, სოფ. ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის რ-ნი, სოფ. ახალშენის #1 საჯარო სკოლა
ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. შეუბნის საჯარო სკოლა
მესტიის #1 საჯარო სკოლა
ხულოს რ-ნი, დაბა ხულოს საჯარო სკოლა

2016 წლის კვლევა:

ქ.ზუგდიდი აღმაშენებლის #1 #1 საჯარო სკოლა
ქ.ზუგდიდი გამსახურდიას გამზ. #1 #2 საჯარო სკოლა
ქ.ზუგდიდი სოფ. ინგირის #1 საჯარო სკოლა
ქ.ზუგდიდი სოფ. ჭითაწყაროს #1 საჯარო სკოლა
ქ.ზუგდიდი სოფ. კახათის #1 საჯარო სკოლა
საღოლაშენის სკოლის ეზოში მდებარე ონკანი. მის.: ქ. ქარელი, სოფ. საღოლაშენი
ქ. ხაშურის #3 საჯარო სკოლა, მის.: ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. #50
სურამის #3 საჯარო სკოლა. მის.: სურამი, რუსთაველის ქ. #138.
კასპი, სოფ. დოესის საჯარო სკოლა
დუშეთი, ს. ბულაჩაური (სკოლის მიმდებარე ტერიტორია)
მცხეთა, სოფ: ძეგვი საჯარო სკოლის მ/ტ
ახმეტა, სოფ. ზ. ალვანი #2 საჯარო სკოლა
შილდის #1 საჯარო სკოლა
ი/მ „მამული ბერიძე“, მის: ხელვაჩაური, სოფ. თხილნარის მ. აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის ბუფეტი.
ი.მ „ირმა ყადიძე“ ს.ნ 61008006606 დაბა ქედის საჯარო სკოლა.
თელავი, სოფ. აკურას საჯარო სკოლა
სოფ. ქაქუთის საჯარო სკოლა
სოფ. თოხლიაურის საჯარო სკოლა

primetime.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …