საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ქ.თბილისის და ქ.რუსთავის მერიის წარმომადგენლები. ასევე, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები და ის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდამჭერ კამპანიაში.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ივნისს, ყოველწლიურად, აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე. ამ დღეს საქართველოც უერთდება. 2016 წლის კამპანიის თემაა – „სისხლი ყველას გვაერთანებს“
მისი მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. ამ დღის აღნიშვნა ასევე მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები.
2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.
პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს
- დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე;
- ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას;
- უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას;
- დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას.
2016 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 12 სისხლის ბანკი. 2015 წელს სისხლის ბანკებში განხორციელდა 68,398 დონაცია, მათ შორის 25% – უანგარო დონაცია, 15% – ნათესავი, 60% – ფასიანი დონაცია. 2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან 25%-მდე გაიზარდა.
დონორებსა და წარმატებულ ორგანიზაციებს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის ღონისძიებაზე გადაეცათ სპეციალური სიგელი.