საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. პროგრამას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები.
მათთვის მისაღებია, რომ სახელმწიფომ შეცვალოს პროგრამის მიზნობრიობა და უფრო მკაფიოდ განსაზღვროს სერვისების ჩამონათვალი. ყველაზე ხშირად ოპონენტები მმართველ გუნდს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტის გათვალისწინებას ურჩევენ.
საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ამისთვის გარკვეული დრო არის საჭირო. ამის მიუხედავად, თავად ჯანდაცვის სამინისტროში დაიგეგმა და განხორციელდა რეფორმების მეორე ეტაპი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიცირებას და ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს.
მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერთტა ჯგუფი და კომპანია, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდგომი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ამჟამად ეს საკითხი იმპლემენტაციის ეტაპზეა. დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა და მოდელი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურმა ალიანსმა“ შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს, ამ დროისთვის უცნობია.
რა მიმართულებით წავა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და რა ბედი ელის მას, ამ საკითხის ცალკე განხილვა არ იქნებოდა სწორი. ეს შეიძლება ვივარაუდოთ იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო პეროდში მსოფლიოში განხორციელდა.
საინტერესოა, რა მექანიზმებით შეძლეს მოწინავე, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, რა ტიპის დაზღვევის სისტემებს ანიჭებენ უპირატესობას მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები? განვიხილოთ სინგაპურის მაგალითი.
ჯერ კიდევ 2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლებით 191 ქვეყანას შორის სინგაპურს მეექვსე ადგილი მიანიჭა, ხოლო 2003 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის საკონსულტაციო ჯგუფმა (Political and Economic Risk Consultancy-PERC) ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სამეულში შეიყვანა.
1984 წელს სინგაპურში შემოიღეს სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშები (Medisave), როგორც დაზღვევის ალტერნატიული ფორმა. ამ ტიპის ანგარიშები გულისხმობს მოსახლეობის შემოსავლიდან გარკვეული ნაწილის ყოველთვიურ სავალდებულო შენატანს ინდივიდუალურ მიზნობრივ ანგარიშზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად. ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ ეს ანგარიში ანდერძით შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეზე.
სავალდებულო საპენსიო სქემის ერთ-ერთი ნაწილი არის მედისეივი (Medisave), სადაც შენატანი შეადგენს ხელფასის 33 %-ს (13 პროცენტი დამსაქმებლის წილი და 20 პროცენტი – დაქირავებულის წილი). აქედან 6,5-დან 9%-მდე გადაირიცხება დაქირავებულის მედისეივის ანგარიშზე. 35 წლამდე ასაკის პირთათვის შენატანი შეადგენს ხელფასის 6,5 %-ს, 35-45 წლის ასაკში – 7,5 %-ს, 45-65 წლის ასაკში – 8,5 %-ს. 60 წელს ზევით – 9 %-ს. მედისეივის ანგარიშზე თანხის მაქსიმალურ რაოდენობას (დღეისათვის იგი შეადგენს $37,000-ს) განსაზღვრავს სპეციალური ორგანიზაცია. თვითდასაქმეული პირი, რომლის წლიური შემოსავალია მინიმუმ 6 ათასი დოლარი, ვალდებულია შენატანები შეიტანოს მედისეივის ანგარიშზე.
მედისეივი შესაძლებლობას იძლევა ბენეფიციარმა (შესაბამისად ოჯახის წევრებმა) მიიღოს ბაზისური სამედიცინო მომსახურება (ჰოსპიტალური მომსახურება და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეები). დეპოზიტური ანგარიშის მფლობელი თავად ირჩევს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.
სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემის გარდა, სინგაპურში გამოიყენება სადაზღვევო სქემები. სახელმწიფო სუბსიდირებით ეხმარება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასაც. სუბსიდირებით ფინანსდება სახელმწიფო საავადმყოფოები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასეთი ტიპის დაფინანსება ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების ერთ მესამედს შეადგენს.
სინგაპურში არსებული სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების გარდა, მოქმედებს: მედიფანდი (Medifund), მედიშილდი (Medisheld) და ელდერშილდი (Eldershield).
მედიშილდი (Medisheld) ნაციონალური სადაზღვევო სქემაა და მოიცავს იმ მაღალხარჯიანი და ქრონიკული დაავადებების კომპონენტს, რომელიც არ არის დაფარული მედისეივით. სქემა ითვალისწინებს თანაგადახდას, თანადაზღვევას. ბოლო წლებში სახელმწიფომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს ნება დართო შეექმნა მედიშილდის მსგავსი სქემები, რის შედეგად მოსახლეობას გაუჩნდა მედიშილდსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის არჩევანის შესაძლებლობა.
მედიფანდი (Medifund) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს, რომლითაც იმ ღარიბ პირთა სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, რომლებზეც არ ხორციელდება სუბსიდირება, ან იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ მედისეივის ან მედიშილდის სქემებში, მაგრამ ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აქვთ ფინანსური სირთულეები.
ელდერშილდი (ასაკოვანი მოსახლეობისათვის) არის კერძო სადაზღვევო სქემას და ზემოაღნიშნული სამი სქემის დამატებაა. მისი მიზანია მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტების სამედიცინო ხარჯების დაფინანსება.
დასაქმებულთა (ასევე მათი ოჯახის წევრები) მნიშვნელოვანი ნაწილი მოცულია კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემით (Integrated Shield plans) ამ სქემით ფინანსდება ზემოაღნიშნული სქემებით მოუცველი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემაში გაწევრიანებისათვის სავალდებულოა მედიშილდის სქემაში ჩართვა.
სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახით ჩარევებს. აღნიშნული განპირობებულია სერვისის მიმწოდებლების მიერ სტიმულირებული მოთხოვნის შესამცირებლად, რადგან სინგაპურის ჯანდაცვის სისტემაში საფასო კონკურენცია ნაკლებია, ხოლო კონკურენცია მომსახურების ხარისხში ხელს უწყობს ჯანდაცვაზე დანახარჯების და სერვისებზე ფასების ზრდას.
სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე ეფექტური ჯანდაცვა არ არსებობს.
სალომე შიხაშვილი
„ჯანდაცვის პლატფორმის“ კონსულტანტი