რა პროგრამები ხორციელდება შშმპ-თათვის, როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო თვითრეალიზაციაში, ახალი უნარების ათვისებაში, დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში- ამ თემებზე ისაუბრეს დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს და სამინისტროსთან არსებული სსიპ-ების წარმომადგენლებმა შშმპ- პირებთან შეხვედრაზე.
სახელმწიფო ცდილობს არა მხოლოდ სოციალური ბენეფიტებით დაეხმაროს მათ, არამედ შექმნას გარემო, სადაც ისინი თავად შეძლებენ იმუშაონ, შექმნან პროდუქცია და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს ფულად დახმარებაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტრომ სწორედ ამ მიზნით ჩაატარა სპეციალური კვლევა, სადაც გამოჩნდა რა ტიპის სამუშაოზეა მოთხოვნა როგორც შშმპ-თა მხრიდან, ასევე დამსაქმებლებიდანაც. შესაბამისად, გააქტიურდა პროგრამები ამ პირთა დასაქმების წასახალისებლად და ხელშესაწყობად.
დღეისათვის შშმპ-ები ჩართულები არიან „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“,რაც მათ საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში, შეიძინონონ ახალი უნარები და პროფესია და პარალელურად მიიღონ სუბსიდია სახელმწიფოსგან. ასევე „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შშმპ-ებს ეწევათ ინდივიდუალური კონსულტაცია ჯობ-ქოუჩერების მხრიდან .
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტმა წელს დაიწყო სწორედ შშმპ-ების დასაქმებაზე ორიენტირებული მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა მომსახურება. გარდა ამისა, შშმ პირთათვის გაიმართა რამდენიმე დასაქმების ფორუმიც. 52 შშმ პირი , ვისაც სახელმწიფო დაეხმარა სამუშაოს მოძიებაში, დღეს სხვადასხვა კომპანიასა და უწყებაში მუშაობს. მათი ნაწილი სახლიდან გაუსვლელად ასრულებს სამუშაოს სატელეფონო ცენტრებში და კომპიუტერულ სერვისებში, ნაწილი კი პროდუქციას ქმნის- მაგალითად, კომპანია „ლეგენდაში“ დასაქმებული პირები საიუველირო ნაწარმს ქმნიან.
სოციალურ საწარმო „კოდალაში“ ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ამზადებენ, ღვთისშვილთა კავშირში თექაზე, მინანქარზე და სუვენირებზე მუშაობენ. ამ ადამიანებმა დღეს ,ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.