მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შოთა გულბანი : ,,რა გაწუხებთ” მნიშვნელოვანი ინიციატივაა
შოთა გულბანი მიმოიხილავს პროგრამის "რა გაწუხებთ?" დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე საუბრობს იმ მოლოდინებზე, რაც პროგრამის განხორციელებას თან ერთვის.

შოთა გულბანი : ,,რა გაწუხებთ” მნიშვნელოვანი ინიციატივაა

ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალ ალიანსის ინიციატივის ,,რა გაწუხებთ’’ მნიშვნელობას აფასებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი. მან დაწვრილებით მიმოიხილა პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც პროგრამის განხორციელებას თან ერთვის.

,,ვფიქრობ ეს პროექტი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წამოწყებაა იმ კუთხით, რომ სამედიცინო სერვისების განმახორციელებელი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უწყებები, ინფორმირებულები იქნებიან, იმ რეალური საჭიროებების შესახებ, რაც დღეს ამ სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარებს აწუხებთ.

ამისთვის კი საჭიროა, რომ ეს გამოკითხვა  მაქსიმალურად მოცვადი იყოს და სხვადასხვა საშუალებებით, გარდა ინტერნეტისა, მოსახლეობის იმ ნაწილმაც მიიღოს გამოკითხვაში მონაწილეობა, ვისაც ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით არ შეუძლია მისი შევსება. ასეთი კი სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია, თუნდაც, რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონრები, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად და ხშირად ჭირდება სამედიცინო სერვისების მიღება.

ამ გამოკითხვაში რამოდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოვყოფდი, რაც დღეს ნამდვილად არის პრობლემა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის. მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რის გაუმჯობესებას ვისურვებდით, ან რა არის მთავარი პრობლემა სამედიცინო მომსახურების სფეროში? ვფიქრობ ორივე მათგანზე პასუხების უმეტესი ნაწილი იქნება მედიკამენტების ფასები და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა ახდენს გავლენას მომხმარებლის არჩევანზე მედიკამენტების შეძენისას. ვფიქრობ, აქაც პასუხი ცალსახაა და ეს არის ექიმის რეკომენდაცია. მე მეეჭვება, რომ მოსახლეობის ინფომირებულობა მედიკამენტების ხარისხთან, მის წარმომავლობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით იმ დონეზე იყოს, რომ მათ თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი მედიკამენტი იქნება მათთვის უმჯობესი. აქ უკვე ვაწყდებით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობას, ვინაიდან ექიმმა, რომელიც პაციენტს რეცეპტს უწერს, არ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა გარემოებებით და მას რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გამოწერილ მედიკამენტებთან დაკავშირებით.

მაგალითად, თუ რომელიმე ჯენერიკული დასახელების მედიკამენტის გამოწერის შესაძლებლობა არსებობს, რომლის ფასი ხელმისაწვდომია და ხარისხიც შესაბამისი სტანდარტის მქონე, მან ეს უნდა გააკეთოს და არ აიძულოს პაციენტი, რომ მაინცდამაინც ძვირიანი, ორიგინალი დასახლების იყიდოს. 

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, თუ რა როლის შესრულება შეუძლია პროექტს „რა გაწუხებთ“ ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, ვფიქრობ ეს როლი არ არის მცირე, ვინაიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა რეალურად გვეცოდინება ის საჭიროებები, რაც დღეს არსებობს ჯანდაცვის სფეროში’’.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …