საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შემავალი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის“ 100 %-იან წილს ყიდულობს.
გარიგების ღირებულება 14 მილიონი დოლარია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს გარიგება საქართველოს ბანკის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლას ნიშნავს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბანკებს ოფიციალურად აეკრძალათ არაპროფილური აქტივების ფლობა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ინტერესი დიდია ასევე იმ თვალსაზრისით, თუ რა ზეგავლენას მოახდენს იგი მედიკამენტების ფასებზე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა გულბანის მოსაზრებით, ეს გარიგება ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ცვლილებაზე მოახდენს გავლენას და მედიკამენტები კიდევ უფრო გაიაფდება. გულბანს აღნიშნულ თემაზე რადიო კომერსანტი ესაუბრა.
„მსგავსი გარიგებები ჩვეულებრივ ბიზნეს–პროცესად უნდა განვიხილოთ. კომპანია „ჯიპისის“ მფლობელებმა საჭიროდ ჩათვალეს და ფარმა–ბიზნესიდან გადიან და ამ ბაზრით დაინტერესებულ სხვა ბიზნეს–სტრუქტურაზე ყიდიან ბიზნესს. განვიხილოთ, რამდენად წაადგება ეს კონკრეტული გარიგება ფარმა–ბაზარს. სტაბილური განვითარება, პირველ რიგში უნდა გამოიხატოს მომხმარებლის კმაყოფილებაში, ყოველ შემთხვევაში, ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენც აქეთ მივისწრაფით, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ შედარებით ხელმისაწვდომი მედიკამენტები შესთავაზო მას.
თუ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი სერიოზულ ფინანსურ რესურსს მიმართავს ამ სეგმენტისკენ, მათ უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს მედიკამენტები.
საინტერესო ვითარება იქმნება – ერთი მხრივ ბაზარზე საკმაოდ დაბალი ფასებით უკვე ოპერირებს ახალშემოსული კომპანია „ჰუმანითი“ და შემოდის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელსაც სხვა გზა არ ექნება, კიდევ უფრო დაბალი ფასები უნდა შესთავაზოს ბაზარს. ასე რომ, მედიკამეტების გაიაფების კუთხით, ჩემი მოლოდინები პოზიტიურია“, განაცხადა გულბანმა რადიო კომერსანტთან საუბრისას.
გულბანის თქმით იმის თქმა, რომ GHG –ის გადაწყვეტილება, შევიდეს ფარმაცევტულ ბაზარზე, ჰუმანითის შემოსვლამ განაპირობა, ცოტა გადაჭარბებული იქნება, თუმცა ლოგიკის დიდი წილი ამ მოსაზრებაშიც დევს.
„ჰუმანითის შემოსვლა მნიშვნელოვანია ფაქტორია, 30%-ით იაფია მისი წამლები, ხშირად 50 %-ითაც კი ნაკლებია მათი ფასი, ეს ეხება ჯენერიულ მედიკამენტებს. ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას წამლების ფასებზე და ჰუმანითის შემოსვლამ გაიაფების თვალსაზრისით ცვლილებები მართლაც განაპირობა. ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გადაწყვეტილება ჰუმანითის აქტიურებით არის ინსპირირებული, არ იქნება მართებული, თუმცა ამ მოსზრებაში ლოგიკის დიდი წილია და თუ ეს ასეა, ამით მხოლოდ მომხმარებელი იხეირებს, რაც ძალიან კარგია“, – მიაჩნია გულბანს.
გულბანის მოსაზრებით, როცა ბაზარზე ასეთი მასშტაბური გარიგება ხდება იქ საზოგადოებას თუ ნებისმიე დაინტერესებულ პირს, კითხვები არ უნდა დარჩეს. ამ შემთხვევაში კი კითხვები რჩება, რაც ამ გარიგების პოზიტიურ მოლოდინებს ჩრდილს აყენებს, მიაჩნია გულბანს .
„გარიგების დასახელებული ფასი 14 მლნ აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მცირეა GPC -ის ქსელის, GPC -ის ბიზნესის რეალურ ღირებულასთან მიმართებაში და ეს გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობ, ამ გარიგების მონაწილე ორივე მხარემ საზოგადოებას უნდა გააცნოს საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ შეთანხმდნენ ასეთ დაბალი ფასზე.
ფარმაცევტული ბიზნესი საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია და სოციალური სტაბილურობის ელემენტებს შეიცავს. ამდენად, თითოეული გარიგება, მით უფრო ასეთი მასშტაბის, როცა ძირეულად იცვლება ბაზრის სურათი, მოითხოვს სრულ გამჭვირვალობას. თავის მხრივ, შესაბამისი მარეგულირებლებიც რეალურად უნდა დაინტერესდნენ ამ გარიგებით.“, – მიაჩნია გულბანს.