2016 წლის 14-17 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე საერთაშორისო კონგრესი და სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის 28-ე ყოველწლიური შეხვედრა შედგა.
სპეციალური საჭიროების (განსაკუთრებული ზრუნვის) სტომატოლოგია აერთიანებს პირის ღრუს პრევენციულ და სამკურნალო სერვისებს ადამიანებისთვის, რომელთათვისაც რუტინული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც წესი, მიუწვდომელია მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სამედიცინო, ემოციური, სენსორული, სოციალური ან ფსიქიკური დარღვევების /მდგომარეობების გამო.
განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია ზრუნავს იმ პირების სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე, ვინც ზემოაღნიშნულ კატეგორიებში ხვდება. მოითხოვს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც სპეციალისტის ზედამხედველობით, კომპლექსური მიდგომის საფუძველზე ხორციელდება. მიმართულება აერთიანებს ბავშვთა სტომატოლოგიას და გულისხმობს ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებასაც.
სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიას, როგორც მიმართულებას, არც ისე დიდი ისტორია აქვს და საკითხთა უდიდესი ნაწილი დღემდე კვლევის, დისკუსიის და განსჯის საგანია. სწორედ მიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალური საჭიროების სტომატოლოგი სპეციალობათა ნუსხაში დამოუკიდებლადაა შესული და იქმნება და იხვეწება სასწავლო პროგრამები, მუდმივად იმართება საერთაშორისო შეხვედრები, კონფერენციები, იწერება და იცვლება გაიდლაინები, პროტოკოლები, მკურნალობისა და მიდგომის თავისებურებები.
წელს, ჩიკაგოში, კონგრესზე საქართველოში განვითარების დარღვევების და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობის შესახებ კვლევის ანგარიში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ მენეჯერმა ზურაბ ალხანიშვილმა და „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ წარადგინეს.
კვლევის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების დაბალ მისაწვდომობაზე ზემოქმედ ფაქტორთა შორის ფიზიკური გარემოს არაადაპტირებულობა, განვითარების დარღვევების და ქრონიკული დაავადებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და უარყოფითი სოციალური განწყობები გამოიკვეთა. ხოლო რესპონდენტთა ნაწილი დასძენს, რომ მკურნალობის პროცესში სირთულეები პაციენტთან არაეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა.
მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებაა იმ მდგომარეობების/დაავადებების მქონე პირების მიმართაც, რომელთა მდგომარეობაც ქცევაზე ახდენს გავლენას ან/დადაკავშირებულია ინტელექტუალური განვითარების შეფერხებასთან.
კვლევის შედეგების შესაბამისად, რესპონდენტებს ყველაზე მეტად ეპილეფსიის, ჰეპატიტის და აივინფექციის მქონე პირების ეშინიათ, თუმცა მომსახურების გაწევაზე უარს დაუნის სიდრომის მქონე პაციენტებს უფრო ხშირად ეუბნებიან და რესპონდენტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ მიმღებლობა და დამოკიდებულება უარესდება კავშირის ინტენსივობის მატებასთან ერთად.
სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის მზაობას რესპონდენტთა 50%-ზე მეტი ნებისმიერი მდგომარეობის მქონე პაციენტის მიმართ ადასტურებს და სტომატოლოგთა უმეტესობა გამოთქვამს სურვილს, კონკრეტულ ნოზოლოგიებთან / მდგომარეობაბთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე აიმაღლოს.
კვლევის შედეგები ბუნებრივად ჩანს იმ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც გაგვაჩნია. დღესდღეობით კი სტომატოლოგიურ სპეციალობათა მოძველებული ნუსხა და სტომატოლოგიური განათლების პროგრამები ჰარმონიაში ვერ მოდის ევროპულ და ამერიკულ სისტემასთან.
საქართველოში სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. კერძო კლინიკური პრაქტიკა, ბუნებრივია, არსებობს, თუმცა საჯარო და საგანმანათლებლო სივრცეში მიმართულება პირველად თბილისის მე-3 საეთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე გაჩნდა, როცა კონგრესზე სპეც. საჭიროების სტომატოლოგიის სექცია ამუშავდა.
ჩიკაგოში, კონგრესზე სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემები, გამოწვევები და მიღწევები იქნა დემონსტრირებული. საგულისხმო და აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილიც დგას. კონგრესზე წარმოდგენილი იყო განვითარების დარღვევების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მკურნალობის ახალი მიდგომები, კლინიკური შემთხვევები, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მოდელები.
ყველაზე მეტი კვლევა დაუნის სინდრომის მქონე პირთა სპეციფიკურ სტომატოლოგიურ გამოვლინებებს, სტატუსს და მკურნალობის მეთოდებს შეეხებოდა. ამის მიუხედავად, მტკიცებულებების ნაკლებობა ჯერ კიდევ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
ქართველი დელეგატები, ზურაბ ალხანიშვილი და გვანცა ტაბაღუა, ასოციაციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა ფონდებისა და კომპანიების წარმომადგენლებს სამუშაო რეჟიმში შეხვდნენ. 2016 წლის ბოლოს საქართველოში სპეციალური საჭიროების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია განვითარების დარღვევების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების სპეციფიკურ მიდგომებზე და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტომატოლოგიური მომსახურების კრიტიკული ბარიერები
- სტომატოლოგიურ დაავადებათა სიმძიმე და მათ კავშირი პაციენტის შეზღუდულ შესაძლებლობასთან ან/და ქრონიკულ დაავადებასთან
- ალტერნატიული კომუნიკაციის გზები პაციენტებთან, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობა ან/და ქრონიკული დაავადება გავლენას ახდენს კომუნიკაციურ უნარებზე ან/და ინტელექტუალურ განვითარებაზე
- ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები
- სედაციის მეთოდები
- ფსიქიკურიაშლილობების, განწყობის/ხასიათის აშლილობების (Mood Disorders), შფოთისდაღელვის,ფსიქოზისდაშიზოფრენიის,პიროვნების აშლილობების ძირითადი მახასიათებლები და სტომატოლოგიური დახმარების სტრატეგია
- ქრონოლოგიურიასაკის და ბიოლოგიური ასაკის განსხვავება და მკურნალობის თავისებურებები
- ალკოჰოლ და ნარკოტიკდამოკიდებული პირების სტომატოლოგიური მომსახურება
კონფერენციის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მოგვიანებით გაავრცელებს. მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის გაიდლაინებზე მუშაობა. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სტომატოლოგიური საქმის პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა, რომელშიც სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის მოდული ჩაიდო.