რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა კავშირი დააფუძნეს და საქართველო აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს შეუერთდა, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიების მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რაც დაავადების დროული დიაგნოსტიკის აუცილებლობასა და ადეკვატურ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე მონაწილეობდნენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, ასევე კავშირის მხარდამჭერი კომპანია „ჯეპრას“ პიარ კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტისა და საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები დასხვა სტუმრები.
“პირველად საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი შეიქმნა. ვგეგმავთ, ერთგვარი მედიატორის როლის შესრულებას პაციენტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. დაავადება უმძიმესია, წლების განმავლობაში ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილებს.
მკურნალობის მეთოდები არსებობს, რომლის გარკვეული ნაწილი ფინანსდება, კერძოდ, პაციენტები 18 წლამდე, თუმცა ამ ავადმყოფობამ ასაკი არ იცის. ეს შეიძლება დაემართოს როგორც 2 წლის ბავშვს, ასევე ასაკოვან ადამიანსაც. ჩვენი მიზანია, რომ ცნობადი გავხადოთ აღნიშნული პრობლემა. მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ჩვენი სურვილია საზოგადოებამაც და სახელმწიფო სტრუქტურებმაც გაითავისონ მუდმივი მკურნალობის საჭიროება.
ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ქმედითუუნარობას. პირადად ეს ყველაფერი გამოვიარე, თავად ვარ პაციენტი და სწორედ ამიტომ გადავწყიტე, რომ ამ საკითხზე ხმამაღლა ვისაუბრო. ძალიან რთულია ასე ცალცალკე მოიპოვო უდიდესი თანხები მკურნალობისთვის,“ – აღნიშნა რევმატოიდული ართრიტის პაციენტთა კავშირის დამფუძნებელმა მარინა საღარაძემ.
პაციენტთა კავშირის დამფუძნებელის, ამადროულად ექიმი პედრიატის ინგა მამუჩუშვილის თქმით, რევმატოიდული ართრიტის პაციენტთა კავშირის მიზანია, გაიზარდოს დაავადების ინფორმირებული დონე მოსახლეობაში, რადგანაც დაავადებულთა რიცხვი დროთა განმავლობაში მატულობს.
დიდმა ნაწილმა, რომელსაც აქვს უკვე გამოვლენილი რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები, მიზანმიმართულად და დროულად მიმართოს ექიმს:
„შედეგად ჩატარდეს გამოკვლევები და დაიწყოს მკურნალობა. აქ არის ოჯახის ექიმის როლი, შემდეგ რადიოლოგი და რევამატოლოგი, რომლებიც ყველანი ერთად ერთვებიან აღნიშნულ პროცესში, რათა დროზე გამოვლინდეს დაავადება.
რევმატოიდული ართრიტი ძალიან აგრესიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს, რომელიც ძირითადად განთავსებულია ძვალსახსროვან სისტემაში.
ორგანიზმში ხდება განუკითხაობა და იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას სახსრების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე გარდაუვალია სწორი მკურნალობის არქონის შემთხვევაში შშმ პირად ჩამოყალიბება“.
„ძალიან მახარებს დღევანდელი ინიციატივა და კავშირის დაარსება, რადგან თავად ვარ პაციენტი და ამ დაავადების მატარებელი უკვე 20 წელია. ძალიან რთულია ართრიტთან ერთად ცხოვრება.
ამიტომ, ვფიქრობ აღნიშნული ორგანიზაცია ხელს შეუწყობს პაციენტების ცნობიერების ამაღლებას, გაზრდის კომუნიკაციას და ბევრ სასიკეთო და საჭირო საქმეს გააკეთებს პაციენტებისთვის“, – გვითხრა რევმატოიდული ართრიტის პაციენტთა კავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან მაჩაბელმა.
დასასრულს, გამოქვეყნდა ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.
რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული.
დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წელს.
კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.