მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო ტურიზმის მხრივ რეგიონალური ჰაბი უნდა გავხდეთ
ფორმატია მოსაფიქრებელი, თორემ სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად ბევრი გზა არსებობს. ყოველწლიურად ამ სახის ტურიზმით დაინტერესება იზრდება.

სამედიცინო ტურიზმის მხრივ რეგიონალური ჰაბი უნდა გავხდეთ

სპელეოთერაპია მღვიმეებისა და გამოქვაბულის გარემოთი მკურნალობაა, რასაც ბრონქული ასთმით თუ ჰიპერტონიით დაავადებულებს სთავაზობენ. საქართველოში უამრავი მღვიმის არსებობა სამედიცინო ტურიზმის განვითარების გარანტიაა.

ახალი ათონის, სათაფლიის, პრომეთეს (წყალტუბოს) და ნავენახევის მღვიმეების გარდა უამრავი სხვა მღვიმე დამატებით შესწავლას საჭიროებს. თუმცა ბალნეოსერვისის პოტენციალი ერთადერთი არ არის, რისი შეთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია. მთლიანობაში, სამედიცინო ტურიზმი გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობას იძლევა. 

რატომ არ ვითარდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმი? ამის შესახებ For.ge-ს სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი, პირველი სამედიცინო ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი პაატა რატიანი ესაუბრა. 

პაატა რატიანის თქმით, რაც დრო გადის, მეზობელი ქვეყნების კონკურენტუნარიანობა უფრო იზრდება და სულ უფრო რთული გახდება საქართველოსთვის სამედიცინო ტურიზმის განვითარება. მისი აზრით, სამწუხაროა, რომ დღეს ამ თემაზე მთავრობის კუთხით არავინ საუბრობს და ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამენ. მართალია, სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან ერთი-ორჯერ ითქვა ამის შესახებ, მაგრამ სისტემური დამოკიდებულება დღემდე არ ჩანს. არადა, სულ უფრო ძვირი დაგვიჯდება უარის თქმა ამ სფეროს აქტუალიზაციაზე. 

„პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მოახდინოს დეკლარაცია, რომ სამედიცინო ტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ, ტურიზმის დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი უნდა ჩამოაყალიბონ, მიგვიწვიონ სპეციალისტები, ჩაატარონ კვლევა, რა ნიშა უნდა დაიკავოს საქართველომ სამედიცინო ტურიზმის სფეროში.

ბუნებრივია, ამის პოტენციალი არსებობს, რასაც განაპირობებს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები, კურორტები, ქართული მედიცინის საბჭოური ინერცია. საბჭოთა ინერციით, ჩვენი ექიმები და სამედიცინო სკოლები ცნობილნი იყვნენ და რეგიონში ლიდერად ვითვლებოდით ამ მიმართულებით.

ძველი თაობა მიდის, მოდის ახალი თაობა, ინერცია სუსტდება, ამიტომ ეს შესანარჩუნებელი და გასაძლიერებელია. უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, ფორმატია მოსაფიქრებელი, თორემ სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად ბევრი გზა არსებობს. ყოველწლიურად ამ სახის ტურიზმით დაინტერესება იზრდება.

ჩვენ სამედიცინო ტურიზმის რეგიონალური ჰაბი უნდა გავხდეთ კავკასიის მასშტაბით. შეგვიძლია, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ საერთაშორისო პაციენტ ტურისტებს, დაწყებული ზოგადი გამოკვლევებით, დამთავრებული რთული რეაბილიტაციური ხანგრძლივი მკურნალობით, როცა იქაური პაციენტი თავის ოჯახის წევრებთან, თანმხლებ პირებთან ერთად აქ თვეობით დარჩება“, – აცხადებს პაატა რატიანი. 

ამასთან, განმარტავს, რომ მეზობელი სახელმწიფოების გამოცდილება ამ მხრივ დიდია. შორს არ მოგვიწევს წასვლა, რადგან აქვე არის თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც ამ მიმართულებით რეგიონალურად უკვე ლიდერი ქვეყანაა. ბუნებრივია, ინვესტიციების მოცულობით გაგვიჭირდება თურქეთთან შეჯიბრი, მაგრამ კარგი მაგალითია, თუ როგორ მოახერხა ამ ქვეყანამ ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო სამედიცინო ტურიზმის მსხვილ რეგიონალურ ჰაბად.

მეტიც, დღესდღეობით უამრავ ბრენდულ კლინიკათა ქსელი არსებობს თურქეთში, რომლებიც კარგად არის ცნობილი მეზობელ ქვეყნებში. ეს მათ შეძლეს მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობით. სხვათა შორის, თურქეთში აეროპორტებთან ახლოს უზარმაზარი სამედიცინო ცენტრები იხსნება, სადაც პაციენტების 30-40% სწორედ უცხოელები არიან. 

გარდა ამისა, ჩვენს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანი და სომხეთი. ცხადია, სომხებს გათვლა აქვთ თავიანთ დიასპორაზე, იქ ვითარდება დენტალური ტურიზმი, ანუ სტომატოლოგიური მომსახურება. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს მარკეტინგი აშშ-ში, ევროპულ ქვეყნებში. აღნიშნული მომსახურება ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებ სომხებს ძალიან ძვირი უჯდებათ, აქ კი დენტალურ მკურნალობას ფარავს დაზღვევა და გაცილებით უფრო სარფიანია ეკონომიკურადაც და სამშობლოში მოგზაურობის თვალსაზრისითაც. 

„გერმანიაში, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება (ესთეტიკური მედიცინა, სტომატოლოგია) დაზღვევის პაკეტში არ შედის და იქაური მოქალაქისთვის ძვირია. ასეთ დროს გერმანელები პოლონეთსა და ჩეხეთში მიდიან, სადაც ანალოგიური სამედიცინო მომსახურება გაცილებით იაფია.

მაგალითად, ლატვიაში იქმნება ძალიან მსხვილი მულტიპროფილური ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, სადაც ჩვენც მოვიაზრებით და ფოკუსი გაკეთებულია იმაზე, რომ ყველა ძვირადღირებული მანიპულაცია, გამოკვლევების ჩათვლით, ამ ცენტრში ყველაზე იაფი იქნება მთელ რეგიონში. ეს სეგმენტი შესასწავლია და ჩვენი ეკონომიკური, ტექნიკური, სამედიცინო კადრების შესაძლებლობიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ოპტიმალური ნიშა“,

– აცხადებს სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ მომენტში თვითნაკადები არსებობს და საქართველოში კვლავაც ჩამოდიან პაციენტები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, მაგრამ ეს ყველაფერი უწესრიგო, უსისტემოა, დამყარებულია წარსულის ინერციაზე. 

თუ რა თანხა შემოვა სამედიცინო ტურიზმის განვითარებით საქართველოში, პაატა რატიანი აცხადებს, რომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა იგი, როგორც ამ სახის საერთაშორისო ინდუსტრიაში ჩახედული პირი, რომელიც კონსულტაციას უწევს პაციენტებს უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის სამედიციონო ტურიზმი მომგებიანი იქნება და შეგვიძლია, ავირჩიოთ ისეთი სფეროები, სადაც მცირე ინვესტიციითა და დაბალი ფასებით მივიზიდავთ უცხოელ პაციენტებს.

for.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …