თბილისში შემოწმებული სალონების უმრავლესობაში ინფექციების მიმართულებით დარღვევებია, – ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტაციით სალონების შემოწმება ჯერ არ დაწყებულა, მიმდინარე წელს მერია საპილოტე პროექტს ახორციელებს და სილამაზისა და ტატუ სალონებს მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს.
საქალაქო სამსახური ამოწმებს, რამდენად არის სილამაზისა და ტატუ სალონებში ინფექციის კონტროლი შესაბამისობაში პროტოკოლთან, რომელიც ჯანადაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
მერიის სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სამსახურმა 550 სილამაზის სალონი შეამოწმა და მათთვის რეკომენდაციები გაიცა.
ამ ეტაპზე საქალაქო სამსახურები ამოწმებენ, რამდენად არიან მზად სალონები იმუშაონ უსაფრთხოდ როგორც მომხარებლებისთვის, ასევე საკუთარი პერსონალისთვის. როგრც ციცო დილებაშვილი აცხადებს, უმეტეს შემთხვევაში დარღვევები გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ სალონებს არ ჰქონდათ ინფორმაცია განახლებული პროტოკოლის შესახებ, რომელსაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ.
სილამაზის სალონების დაჯარიმება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ დარღვევები ხელმეორე ოფიციალური შემოწმების შემდეგაც დაუფიქსირდებათ. ოფიციალური შემოწმების დასაწყებად კი ადგილობრივი თვითმმართველობები შესაბამისი უწყებების მხრიდან სპეციალური დოკუმენტაციის შემუშავებას ელოდებიან.