„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას ეხმიანება. მისი აზრით, პირველადი რგოლი რეფორმას აუცილებლად საჭიროებს და გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ყველაზე წარმატებული ინიციატივაა.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ხალხი სარგებლობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტით, ბავშვებისათვის აცრები სწორედ პირველ რგოლში კეთდება. მახსოვს, ადრე სავალალო სიტუაცია იყო, იგივე ინფრასტრუქტურის მხრივ. დაზიანებული იყო შენობები. ამ მიმართულებას თუ მიეხედება, ძალიან კარგი იქნება და მხოლოდ მივესალმები, რასაკვირველია“, – აცახდებს მჟავანაძე.
მისი თქმით, ბიუჯეტიდან თითქმის 30% გამოყოფილია სწორედ ჯანდაცვაზე. როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებაზე.
„ვფიქრობ, სახელმწიფომ პრიორიტეტად აირჩია ადამიანი და არა – შუშის შენობები, რომლებიც უკვე ინგრევა. ბუნებრივია, ჯანდაცვის მიმართულება არის პრიორიტეტული. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაც სწორედ ამას ემსახურება.
ასევე, დადებითად შევაფასებდი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. არავინ უარყოფს, თავად ნაციონალური მოძრაობაც კი, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი.
ადამიანებს უწევდათ სახლების გაყიდვა, რომ ექიმთან მისულიყვნენ და ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის და მოქალაქეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან, სულ ცოტა, 70%-იანი დაფინანსება მიიღონ. ეს ნაბიჯი ნამდვილად მისასალმებელია“, – მიაჩნია მჟავანაძეს.
იგი საუბარში რეცეპტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახეობის წამლის შეძენა, რომელიც დღეს მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, უნდა შეიძლებოდეს რეცეპტის გარეშეც, რამდენადაც სანამ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი მივა ექიმთან და ის რეცეპტს გამოუწერს, მას მარტივად შეეძლოს წამლის შეძენა აფთიაქში.
„ზოგიერთ ადამიანს დამატებითი ხარჯის გაწევა უწევს, რომ რეცეპტი გამოაწერინონ. ეს მომენტი გასათვალისწინებელია, თუმცა სისც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეცეპტების შემოღების შემდეგ, სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო და ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.