მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,რასაც სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რასაც სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები დაცული იქნან სტიგმის, იზოლაციისა და დისკრიმინაციისგან.

„10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა „ღირსება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში – პირველადი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დახმარება ყველას“.

მოცემული საკითხის გააქტიურება მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის, იზოლაციისა და დისკრიმინაციის დაძლევისთვის, რაც კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის.

საქართველოში მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ დაცული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმა“, შენელებულია მისი იმპლემენტაციის პროცესი. შედეგად არ ხდება გეგმით დასახული მიზნებისა და მთავარი ფასეულობების დაცვა.

სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გასული წლის ბოლოს ჩატარდა სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების კომპლექსური მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოიკვეთა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პრობლემები.

მათ შორის

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის არასაკმარისი დაფინანსება;
  • ადამიანური რესურსების მკვეთრი ნაკლებობა;
  • კვალიფიციური კადრების სიმცირე;
  • დაწესებულებების ინფრასტუქტურის გაუმართავობა;
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პირების მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მიღების ფორმალური ხასიათი;
  • არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • სათემო სერვისებისა და ალტერნატიული მომსახურების ნაკლებობა/არ არსებობა.
  • აღნიშნულიდან გამომდინარე სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევები;
  • დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვის აუცილებლობა და სხვა.

სახალხო დამცველმა არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით შესაბამისი უწყებების მიმართ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება დადებითად შეცვლის ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შექმნილ ვითარებას, ხელს შეუწყობს მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს პოზიტიური ქმედებების განხორციელებისკენ, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები დაცული იქნან სტიგმის, იზოლაციისა და დისკრიმინაციისგან“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …