ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მადონა სართანია აცხადებს, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებსა და კლინიკის მფლობელ ბლოკ ჯორჯიას შორის შიდა დაპირისპირება მოგვარებულია.
როგორც სართანიამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, “ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლებისგან მიიღეს პირობა, რომ კომპანიის მხრიდან საავადმყოფოს ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის ყველაფერი გაკეთდება.
რაც შეეხება შეფერხებას, მადონა სართანიას თქმით, მიუხედავად მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობისა, საავადმყოფოს არცერთ პაციენტს მკურნალობასთან დაკავშირებით შეფერხება არ შექმნია.
“ჩვენსა და “ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, კომპანიამ კლინიკაში მოიყვანა ფინანსური დირექტორი, შედგა შეხვედრა მედპერსონალთან, მე ვრჩები სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე და მენეჯმენტიც უცვლელი რჩება.
შევთანხმდით, რომ “ბლოკ ჯორჯია“ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მოწესრიგდება კლინიკის ინფრასტრუქტურა, რომ კლინიკა პასუხობდეს ყველა შესაბამის სტანდარტს. მიუხედავად ჩვენსა და “ბლოკ ჯორჯიას“ შორის მომხდარი დაპირისპირებისა, ვაცხადებ, რომ კლინიკის ბენეფიციარებს არ შექმნიათ პრობლემა. მხოლოდ ერთმა პაციენტმა ვერ მიიღო ცნობა – ფორმა 100, იმიტომ, რომ კლინიკის ფინანსური დირექტორი ადგილზე არ იყო. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ორივე მხარის აქტიური ძალისხმევით აღმოიფხვრება ყველა ის პრობლემა, რასაც აქამდე ვაწყდებოდით კლინიკაში“,
– განუცხადა “კვირას“ მადონა სართანიამ. მისვე თქმით, ელიმინაციის პროგრამის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადატანის მიზეზი ამ ეტაპზე არ არსებობს.
“კვირა“ კლინიკის ფინანსურ დირექტორს ნოდარ ჩიქოვანსაც დაუკავშირდა. ჩიქოვანი აცხადებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსაც ეცნობა.
კლინიკის ფინანსური დირექტორის თქმით, “ბლოკ ჯორჯიას“ სურვილია, ზუგდიდის ინფექციური კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება გახდეს რეგიონში.
“მედპერსონალს შევხვდით, ერთად დავსახეთ გეგმები, გავიარეთ თანამშრომლობის საკითხები და უკვე შევუდექით მუშაობას. კლინიკაში ვგეგმავთ ახალი სერვისებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენი სურვილია, ზუგდიდის კლინიკური საავადმყოფო იქცეს ერთ-ერთ წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებად რეგიონში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება შეფერხებას ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, არანაირი შეფერხება არ ყოფილა და არცერთი პაციენტი არ გასულა კლინიკიდან მომსახურების გარეშე“, – აცხადებს ნოდარ ჩიქოვანი.
ინფექციური საავადმყოფოს მფლობელ შპს „ბლოკ ჯორჯიას“, დაწესებულების ქონება ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წელს გაუფორმა.
2015 წლის 24 დეკემბრიდან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად კომპანიამ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
საავადმყოფოს მედპერსონალმა კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ დაწესებულებაში შესვლა და მენეჯმენტის შეცვლა გააპროტესტა და საავადმყოფოს კლინიკის დირექტორად მადონა სართანიას დარჩენის მოთხოვნით მათი აქციაც გამართა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და კლინიკის მფლობელ ბლოკ “ჯორჯიას” შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად გუშინ 48-საათიანი ვადა მისცა.
როგორც უწყებაში გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სამინისტრო წინააღმდეგ შემთხვევაში C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სხვა საავადმყოფოში გადატანის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია და უწყება არ დაუშვებს, რომ თუნდაც ერთ პაციენტს ამ მხრივ პრობლემები შეექმნას, როგორც ეს ზუგდიდის საავადმყოფოს შემთხვევაში მოხდა.