საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირველი ტური დასრულდა. მეორე ტურში გადასულია მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია „ალფამედი”.
აღნიშნული ტენდერი შეეხება ბავშვთა ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ყოფილ ონკოლოგიურ ცენტრს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით შენობების რემონტს, რეკონსტრუქციას, მშენებლობას და უახლესი აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს. ამასთანავე, პერსონალის გადამზადება და ატესტაცია პერსონალის განვითარების შესაბამისი პროგრამის მიხედვით მოხდება.
ტენდერის მოსალოდნელი შედეგებზე ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ჯანდაცვის სისტემებისა და დაფინანსებების სპეციალისტმა ლელა სერებრიაკოვამ ისაუბრა:
„ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია დროული კი არა, დაგვიანებულიც არის. ტენდერის შესაბამისად, უნდა მოხდეს როგორც ტექნიკური გადაიარაღება, ისე მედპერსონალის გადამზადება. სერვისების გაუმჯობესებამ ლოგიკურია, უნდა გაზარდოს პაციენტების მომსახურების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი რომ მივა კონკრეტულ კლინიკაში, იქიდან შინ კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული დაბრუნდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანი სწორედ ეს არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებშიც შეეძლებათ პაცენტებს ამ სამ კლინიკაში მომსახურების მიღება.
იმედია, მომსახურება იქნება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. მთავარია, მომსახურების ფასები ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად რადიკალურად არ გაიზარდოს, რაც პაციენტების ჯიბეს ნამდვილად მძიმედ დააწვება. ცვლილებები ნამდვილად საჭიროა და მივესალმები სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულო ტენდერს”, – განაცხადა სერებრიაკოვამ.