სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, პროექტის “სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა” ფარგლებში “მრგვალი მაგიდის” შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიების მიზანი სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლებლო საკითხების განხილვა და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაა.
სამინისტროების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ამ სფეროში პროგრამების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენი“.
ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის საქართველოში, ვინსენტ რეის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ყველა რეფორმის განხორციელებაში მხარს უჭერს.
„ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს თითქმის ყველა სფეროში მიმდინარე რეფორმებს. სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების უფლებები მუდმივად არის გათვალისწინებული ჩვენს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებსა თუ პროექტებში“,-განაცხადა ვინსენტ რეიმ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა და მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. პროექტი დაიწყო 2015 წლის 1 დეკემბერს და გრძელდება 2018 წლის 30 ნოემბრამდე.
პროექტის განხორციელების შედეგად სახელმწიფო პროგრამები უკეთ უზრუნველყოფს ბავშვებში სმენის დაქვეითების ადრეულ გამოვლენასა და მათ სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობას; ახლშობილთა სკრინინგის პროგრამები დაინერგება იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში, სმენადაქვეითებული ბავშვების, მშობლებისა და ჯანდაცვის/რეაბილიტაციის სპეციალისტების ტექნიკური, მენეჯერული და ადვოკატირების უნარები გაუმჯობესდება; საზოგადოების ცნობიერების ამაღლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე, რაც უზრუნველყოფს ადვოკატირების კამპანიების ეფექტურად განხორციელებას.