რეგიონული კონფერენცია ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიას მოიცავს და მას უძღვება გრეიფსვალდის (გერმანია) სასწავლო ჰოსპიტალის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი ვერნერ ჰოზემანი “ნიუ ჰოსპიტალსის” ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მედიცინის დოქტორის ბატონი გიორგი გოგნიაშვილის სპეციალური მოწვევით.
პროფესორი ჰოზემანი ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში ასამდე ნაშრომის ავტორია.
კონფერენციის მიზანია თეორიული და პრაქტიკული პროფესიული უწყვეტი განათლების და თანამედროვე მიდგომების გაზიარება. პრაქტიკული ასპექტი კი მოიცავს მასტერკლასებს, კერძოდ, პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციო სივრციდან.
დარგის პროფესიონალები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან უკვე მესამე დღეა თვალყურს ადევნებენ ოპერაციის მსვლელობას და ეცნობიან თანამედროვე მიღწევებს აღნიშნულ სფეროში.
დღესვე მოხდება მონაწილეთა დაჯილდოვება სპეციალური სერტიფიკატებით.