მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ნაია იობაშვილი: კლინიკების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის სიხშირეს შეამცირებს
თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საავადმყოფოები და მოხდება მედპერსონალის გადამზადება, პაციენტები სრულ სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებენ.

ნაია იობაშვილი: კლინიკების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის სიხშირეს შეამცირებს

თბილისში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასასრულს უახლოვდება.

ბოლო ეტაპზე გასულია კონსორციუმი„ალფამედიკი“, რომელიც აერთიანებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებს. ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის 0.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მოხდება ამ სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და მედპერსონალის გადამზადება.

ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდიგოს“ დირექტორი, ჯანდაცვის ექსპერტი ნაია იობაშვილი გვესაუბრა. მისი აზრით, საავადმყოფოების რეკონსტრუქცია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა:

„პაციენტისთვის მთავარია ხარისხი და მომსახურების მაღალი დონე. საავადმყოფოები თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ თვალსაზრისით, დღეისათვის ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. შეიძლება აპარატურა კიდეც არსებობს, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი კადრი, ვინც ამ კვლევებს  განახორციელებს. სწორედ  ეს საკითხებია პირველ რიგში მოსაწესრიგებელი“.

სამი საავადმყოფოს მართვა PPP მოდელით განხორციელდება, რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობას გულისხმობს. ნაია იობაშვილი აფასებს აღნიშნულ მოდელს:

„ეს ძალიან კარგი მოდელია, მხოლოდ კერძო სექტორი არ უნდა ახორციელებდეს მსგავს პროექტებს. აუცილებელია, სახელმწიფოც იყოს ჩართული გარკვეული რეგულაციების პროცესში“.

ნაია იობაშვილი აცხადებს, რომ თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საავადმყოფოები და მოხდება მედპერსონალის გადამზადება, პაციენტები სრულ სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებენ და აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა:

„არავინ წავა საზღვარგარეთ, ეს ორმაგი ხარჯია პაციენტისთვის, რასაც არც საყოველთაო დაზღვევა და არც სადაზღვევო კომპანია არ უფინანსებს. პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება, რაციმის საშუალებას იძლევა, რომ ადგილზე ჩაიტაროს საჭირო კვლევა და მკურნალობა და აღარ ეძებოს გადარჩენის გზები  საზღვარგარეთ“, – განაცხადა ნაია იობაშვილმა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …