”თავისუფალი საქართველო“ – მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 50 000 ბენეფიციარი ამოიღო , – ამის შესახებ ნათქვამია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანიძის განცხადებაში.
მისივე თქმით, მთავრობის N51 დადგენილებით ის პირები, რომლებიც კერძო დაზღვევის პოლისით სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ კერძო სადაზღვეო პაკეტები იმ მომსახურებათა მისაღებად, რასაც არ აფინანსებდა კერძო დაზღვევა, დარჩებიან მხოლოდ ამ „დაშენებული“ პაკეტების ამარა და ძირითად მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდნენ – ვეღარ მიიღებენ.
”გადაწყვეტილება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს სადაზღვევო კომპანიებსაც, რადგან ახალი დადგენილების ფარგლებში მათ სახელმწიფო პროგრამასთან მოკავშირეობის ნაცვლად კონკურენცია მოუწევთ, რასაც ბაზარზე მოქმედი კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შეძლებს.
ყველაფერთან ერთად, მთავრობის დადგენილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ის გავრცელდება იმ მოქალაქეთა სადაზღვევო ურთიერთობებზეც, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ პოლისები. როგორც მინიმუმ დადგენილება უნდა ამოქმედებულიყო მომავალი წლიდან და არა დაუყოვნებლივ, როგორც ამას აკეთებს მთავრობა.
მიუხედავად მთავრობის უმწვავესი კრიტიკისა ყველა სხვა მიმართულებით, ერთადერთი, რასაც „თავისუფალი საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები პოზიტიურად ვაფასებდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუშაობაში, ეს იყო სერგეენკოს უწყების საქმიანობა და კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
ამ გადაწყვეტილებით კი, მთავრობა ამ ერთადერთ პოზიტივსაც აუქმებს და ათასობით ადამიანს დაუცველს ტოვებს. ჯანდაცვის პროგრამას, რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმა და დახვეწა, მაგრამ ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ არ შეეხოს მოქალქეების მიერ უკვე შესყიდულ პოლისებს”, – ნათქვამია განცხადებაში.