დღეს, სასტუმრო “ფაბრიკაში”, ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) მხარდაჭერით მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა საქართველოში პროფესიული უნარების მქონე პირების დასაქმებას დაეთმო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მრგვალი მაგიდის დისკუსიას დასაქმების და განათლების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაესწრნენ.
პრეზენტაცია თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაძლიერება“ ჯანდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი გამყრელიძემ გააკეთა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელი ვულფ შმიდერი.
დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენდა „პოლიტიკის შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაძლიერება პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესებში“. დისკუსია შეეხებოდა პროფესიული განათლებისა და დასაქმების სექტორების პოლიტიკის შემუშავების პროცესში პარტნიორთა თანამშრომლობას, კომუნიკაციას და მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა, პროფესიული განათლების რეფორმის დღის წესრიგი და არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა; არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების კავშირების გაძლიერება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმ წარმომადგენლებთან, რომელნიც პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობენ; არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამინისტროებს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის გამოსწორება/გაძლიერება.
მონაწილეთა შორის შედეგიანი და ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. არასამთავრობოებთან შეხვედრა ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი მხარს უჭერს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების დაახლოებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სექტორებში სამართლიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო რეფორმების განხორციელება.