მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას 69% არ ემხრობა, ინექციური ნარკოტიკისთვის – 55%
პატიმრობას მარიხუანის მოხმარებისათვის 12%-13% უჭერდა მხარს, გამოკითხულთა 25%-26% ფიქრობს,რომ ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისათვის პატიმრობა მისაღებია.

მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას 69% არ ემხრობა, ინექციური ნარკოტიკისთვის – 55%

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას” კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას (69%-70%) მიაჩნია, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი უფრო დაავადებულია, ვიდრე კრიმინალი (14%-15%).

ყველა ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მარიხუანისა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ პატიმრობა შესაფერის ზომას არ წარმოადგენს. პატიმრობას მარიხუანის მოხმარებისათვის მხოლოდ 12%-13% უჭერდა მხარს, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი, 25%-26% ფიქრობს, რომ ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისათვის პატიმრობა მისაღებია.

კვლევის მონაწილეებმა უპასუხეს რამდენიმე კითხვას, რომელიც არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების მიმართ მათ დამოკიდებულებას შეეხებოდა. შეწონილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მარიხუანის მოხმარების მიმართ დამოკიდებულება არ არის ნეგატიური; კერძოდ, პოპულაციის მხოლოდ 12.1%-მა დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარების წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას (მათგან 5.2% პატიმრობას სრულად ეთანხმებოდა, ხოლო 6.9% დიდწილად) პოპულაციის მნიშვნელოვანი ნაწილი (69.4%) მკაცრი ზომების გამოყენებას არ ემხრობა.

დაახლოებით 25.1% მხარს უჭერს ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გამო პატიმრობის ზომის გამოყენებას. გაცილებით მაღალია პოპულაციის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც მარიხუანას მოწევასა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარებაზე ფინანსური სანქციების დაწესებას ემხრობა.

კვლევის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ შედარებით მკაცრი ზომების გამოყენებას
მხარს უჭერენ 39 წელს ზემოთ ასაკის პირები.

რაც შეეხება არალეგალური ნივთიერებების მოხმარების შესახებ არსებულ შედეგებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ კანაფის ცხოვრების მანძილზე მინიმუმ ერთხელ მოხმარების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი მამაკაცებს შორის აღინიშნა გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში
მდებარე ქალაქებში – შესაბამისად, 74.4% და 70.8%. აღნიშნული მაჩვენებელი, ასევე, მაღალი
იყო გურიის რეგიონის სოფლებში, კახეთის რეგიონის ქალაქებსა და ქ.თბილისში – შესაბამისად,
69.0%, 50.0% და 45.4%.

ქალებს შორის კანაფის ცხოვრების მანძილზე მინიმუმ ერთხელ
მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
მდებარე სოფლებში და გურიის რეგიონში მდებარე ქალაქის დასახლებაში – შესაბამისად,
8.1% და 7.0%.

კითხვაზე, თუ რამდენად რთულია სურვილის შემთხვევაში კანაფის 24 საათში შოვნა, რესპონდენტების
უმრავლესობამ ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და რეგიონში განაცხადა, რომ „შეუძლებელია” ან „საკმაოდ რთულია”. 

აღნიშნული კვლევა დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

ავტორების თქმით, კვლევისთვის ორივე სქესის ზრდასრული მოსახლეობა რეპრეზენტატიული შერჩევის გზით (4 805 პირი 3 228 ოჯახიდან) შეისწავლეს. მონაცემები პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 18-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების გამოკითხვის გზით მოიპოვეს. ისინი შეირჩა მრავალსაფეხურიანი ალბათური შერჩევის მეთოდის გამოყენებით და მოიცვა როგორც
თბილისი, ასევე სხვა ქალაქები და სოფლები საქართველოს მასშტაბით.

liberali.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …