მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით მეორედ მიმართავენ
ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის სამართლისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრმა მიმართა.

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით მეორედ მიმართავენ

ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის სამართლისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრმა მიმართა, თუმცა სააგენტომ მოთხოვნა გონივრულად არ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში ამ საკითხთან დაკავშირებით „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოლომონ მენაბდიშვილმა ისაუბრა.

– ისევ აპირებთ თუ არა, რომ მიმართოთ კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით და როგორ აპირებთ მოითხოვოთ „ჰუმანითი ჯორჯიას“ შესწავლა?  

– ორი კვირის წინ მივმართე წერილობით საპარტნიორო ფონდს და ვთხოვე, რომ მოეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია თუ რის საფუძველზე მისცეს ფინანსური დახმარება „ჰუმანითი ჯორჯიას“ და ასევე აღეწერათ რა თანხა გადაეცათ და რა პირობებით. ვინაიდან გასულ წელს დაარსდა „ჰუმანითი ჯორჯია“ და დიდი ეჭვი არსებობს, რომ კონკურენციის კანონის ნორმები დაარღვია, რომელიც უშუალოდ ეხება სახელმწიფოს დახმარებას.

სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური დახმარება კომპანიების მიმართ წარმოშობს ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს და შესაბამისად ამის უფლება საპარტნიორო ფონდს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას, ჩემი აზრით არ ქონდა. რამდენიმე დღეში უკვე სააგენტოს მივმართავ შეისწავლოს ეს ბაზარი, ვინაიდან მე არ მქონდა საშუალება დეტალურად გავცნობოდი ამ დახმარების მიზანს და შინაარსს. ჩემი აზრით, კონკურენციის სააგენტოს თვითონვე უნდა დაეწყო მოკვლევის პროცედურა და არ უნდა დაელოდოს უშუალოდ განცხადებას ან საჩივარს.

– რა ქმნიდა იმის საფუძველს, რომ კონკურენციის თვითონ დაინტერესებულიყო „ჰუმანითი ჯორჯიას“ ფაქტორით? 

– სახელმწიფოს მხრიდან 1 მილიონი ლარის მიცემა კერძო კომპანიისათვის დისბალანსს გამოიწვევს ბაზარზე და შესაბამისად სხვა კერძო კომპანიები, რომლებსაც არ მიეცათ სახელმწიფო დახმარება, არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებიან, რაც კონკურენციის შეზღუდვის გონივრულ ეჭვს აჩენს.

– კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გონივრული ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაა ფარმაცევტულ ბაზარზე, რას და როგორ აპირებთ, რომ დაასაბუთოთ გონივრული ეჭვის არსებობის საფუძველი? 

– ველოდები 11 აპრილს და შემდეგ აპრილის ბოლოსკენ სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება. ნავთობ-პროდუქტების ბაზარზე ეკონომიკური აგენტების დაჯარიმების შესახებ სასამართლო მიიღებს პირველ გადაწყვეტილებას და თუ გახსოვთ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრძანა, რომ ორი ეკონომიკური აგენტის მიმართ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიმართ ძირითადად ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე იყო დაჯარიმებული.

ეკონომიკური ანალიზი შეიძლება მოიცავდეს თუ რამდენად მცირე მოთამაშეები არიან, მათ შორის ფასებზე შეთანხმებებს, თუ მოგების მარჟა არის ძალიან დიდი, ესეც ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე იძლევა იმის ეჭვს, რომ ბაზარზე შესაძლოა შეთანხმებას ქონდეს ადგილი. თუ ეს ეკონომიკური საფუძვლები გამოიყენეს ნავთობ ბაზარზე კომპანიების დასაჯარიმებლად, იგივე პრინციპები და ანალიზი უნდა გამოიყენონ ფარმაცევტულ სექტორშიც.

მე მომთხოვეს, რომ წარმოვადგინო არსებული მტკიცებულებები, ფარმაცევტულ ბაზარზე ასეთი მტკიცებულებების ქონის შემთხვევაში რა თქმა უნდა წარვადგენდი, თუმცა ეს კონკურენციის სააგენტოს ვალდებულებაა და მათი უშუალო მოვალეობა არის, რომ მოიპოვოს ასეთი მტკიცებულებები. მათ ავიწყდებათ, რომ უფლება აქვთ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ კომპანიებში და მოითხოვონ მათი ადგილზე შემოწმება.

– კონკურენციის სააგენტოს არგუმენტი არის, რომ ეს საგრძნობლად დააზიანებს ბიზნეს გარემოს და ასევე თვლიან, რომ ყველა მოთხოვნა შემოწმების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. 

– მე ვერ წარვადგენ ამ მტკიცებულებებს, იმდენად ფარული და გასაიდუმლოებულია, რომ სააგენტომ თვითონ უნდა მოიპოვოს. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, ფარმაცევტულ სექტორში რამდენად კონკურენტული გარემოა, ყველა გიპასუხებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში რაღაც ხდება. სააგენტოს კონკურენტული გარემოს შექმნაც ევალება და ასეთი გარემო მომხმარებელზე აისახება პირდაპირ. რამდენიმე წელია ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ ოთხი კომპანიაა გაბატონებული.

სამომავლოდ ველოდები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ, ასევე მეც თვალყურს ვადევნებ რა ხდება ბაზარზე და შემდეგ უკვე ეკონომიკური მტკიცებულებებით მივმართავ სააგენტოს.

commersant.ge

business contact

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …