მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კლინიკები აჭარაში დონეების მიხედვით – სამშობიაროების მუშაობის მიმოხილვის პრეზენტაცია
პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესში ჩართული სამშობიაროების მუშაობის ანალიტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია შედგა.

კლინიკები აჭარაში დონეების მიხედვით – სამშობიაროების მუშაობის მიმოხილვის პრეზენტაცია

14 ივლისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესში ჩართული სამშობიაროების მუშაობის ანალიტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია შედგა.

როგორც აღინიშნა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემური რეფორმაა, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა.

პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალია, მესამე დონე.

პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ეკა ფესტვენიძე წარმართავდა.

ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა – ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს.

მეორე დონის კლინიკის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღეს შემდეგმა კლინიკებმა: ბათუმის სამშობიარო სახლი, საზღვაო ჰოსპიტალი, შპს მედალფა ოზურგეთი. ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრმა, შერეული, მეორე-მესამე დონის სერტიფიკატი.

პირველი დონის სერტიფიკატი გადასცეს: ქობულეთის, შუახევის, დაბა ხულოს და ქედის „უნიმედი აჭარას“ ფილიალებს.

ანალიტიკური მიმოხილვა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამშობიაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა.

„დღეს წარვადგენთ აჭარისა და გურიის მონიტორინგის შედეგებს. ჯამურად ამ ორ რეგიონში არის ათი დაწესებულება, აჭარის  რეგიონში წარმოდგენილია მთელი სპექტრი დონეების, ასევე შერეული დონეების დაწესებულებაც, გურიის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი მხოლოდ ერთი დაწესებულებაა, რომელსაც მეორე დონე მიენიჭა“  – განაცხადა ეკა ფესტვენიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  რეგიონალიზაციის პროცესი არ სრულდება დონის მინიჭებით და სამინისტრო მონიტორიგს გაუწევს, რამდენად შესაბამისად მუშაობენ დაწესებულებები დონის მინიჭების შემდეგ და რამდენად ინარჩუნებენ სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

მისივე თქმით, მშობიარობის დიდი წილი მოდის მეორე დონის დაწესებულებაზე, ეს არის საერთო მაჩვენებლის 53 %, რაც ლოგიკურია:

„წესით, მეორე დონის კლინიკები არიან წამყვანი სერვისების მიმწოდებლები“ – განაცხადა მან.

ეკა ფესტვენიძე საკეისრო კვეთების თემასაც შეეხო:

„საქართველოში ძალიან მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი და ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია არის მიმართული იმისკენ რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამ მხრივ გურიას ნორმალური მაჩვენებელი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით აჭარის რეგიონზე, იმიტომ რომ საკეისრო კვეთები შეინიშნება პირველი დონის კლინკებში, რომლებსაც გეგმიური საკეისრო კვეთა საერთოდაც არ უნდა ჰქონდეთ, დანარჩენ კლინიკებს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. ყველა კლინიკა ფაქტიურად მნიშვნელოვნად სცილდება რეკომენდრებულ ნორმებს.

პირველი დონის კლინიკებში მონაცემებზე დაყრდნობით ყველა საკეისრო კვეთა იყო ურგენტული, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში – 79%, ანუ 333  მშობიარობა ურგენტული იყო, რაც ცოტა არარეალისტურია და გარკვეულ კითხვებს ბადებს, ანალოგიურად ბათუმის  სამშობიარო სახლშიც და მედინაშიც, თუმცა „მედინა“ მესამე დონის კლინიკა არის და შესაძლებელია ამით აიხსნებოდეს“.

პრეზენტაციაზე სიტყვით ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარეხველიძეც გამოვიდა:

„2018 წლის 1 იანვრიდან იწყება, თუმცა სრულიად ძალაში შევა 2018 წლის პირველი მაისიდან სანებართო პირობების ახალი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულება რომელსაც არ ექნება რომელიმე დონე, ვერ იფუნქციონირებს და ვერ განახორციელებს ვერც სამეანო და ვერც ნეონატალურ საქმიანობას. შემდგომში ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიურად განავითაროთ სხვა სერვისების პირობებიც“.

პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროექტის განხორციელება პილოტის სახით 2015 წელს დაიწყო იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით. 2015 წლის ოქტომბრიდან პროექტი გავრცელდა „Rotary Clubs“-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და „World Visoin“- საქართველოს მხარდაჭერით და პროექტში ჩაერთო თბილისი, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 25. 

პრეზენტაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა და აჭარის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

batumelebi.netgazeti.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …