14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მეიქათონი – “შენი სტარტაპიდეა რეალობაში”.
პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.
პროექტის ავტორები არიან გიორგი ცხოვრებაძე (თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACs) სტუდენტი) და დიმიტრი ცხოვრებაძე (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი).
მეიქათონში გამარჯვებული გუნდისთვის კომპანიამ „ბილაინი“ დააწესა პრიზი. გამარჯვებული გუნდის წევრები 2017 წლის თებერვალში გაემგზავრებიან ბარსელონაში (ესპანეთი), მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილური აპლიკაციების კონკურსის – Eurasian Mobile Challenge – საბოლოო ეტაპია.
კომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს. ასევე, გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ საშუალება, გაიარონ აქსელერაციის პროცესი და დახვეწონ პროდუქტი ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით.
პროექტის შესახებ:
წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი. ინსულტის შემდეგ პაციენტი, როგორც წესი, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს. რეაბილიტაციის მიზანია, ახლიდან გამოიმუშავოს ხელის/ ფეხის მოძრაობის უნარი, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას სჭირდება, სულ მცირე, 3-4 თვე და მკურნალობის პროცესი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აჭარბებს 10 000 აშშ დოლარს). გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეებმა, მეიქათონის ფარგლებში, შექმნეს ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება და რომლის თვითღირებულებაც 150 დოლარს არ გადააჭარბებს.
გიორგი ცხოვრებაძე, ილიაუნის მეიქათონის მონაწილე:
„მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია Mirror Box, რომლის მიზანია ილუზიით ტვინის „მოტყუება“. პაციენტს დაზიანებული ხელი მოთავსებული აქვს ყუთში და მას ვერ ხედავს, ხოლო ყუთს გვერდზე აქვს სარკე. პაციენტმა უნდა აიღოს მონეტები და ჩაყაროს ყუთში ჯანსაღი ხელით, ოღონდ ამ დავალების შესრულებისას ხელს უნდა უყუროს სარკეში. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციისას და კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აუმჯობესებს მოძრაობის უნარს.ჩვენი ხელთათმანი პაციენტს რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება შემდეგი პრინციპით – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე, ხოლო მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს, იხილეთ სიმულაციის gif.
სენსორი აღიქვამს ხელის მოძრაობას და იმავე მოძრაობას ამეორებინებს ხელთათმანს. შედეგად, პაციენტი ამოძრავებს ორივე ხელს ერთნაირად, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და უმჯობესდება მოძრაობის უნარი.
ხელთათმანით მკურნალობის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს. მათგან ბოლო ორ ეტაპზე შესაძლებელია ვირტუალური რეალობის გამოყენება, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. მკურნალობის იმ ეტაპზე, როდესაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხელთათმანი აღიქვამს პაციენტის მიერ გამოყენებულ ძალას (ანუ რამდენად ხრის პაციენტი ხელს) და ეხმარება მას ხელის მოხრაში, ანუ ხელთათმანი აადვილებს ხელის მოხრას და ნებისმიერი მოძრაობის შესრულებას.
ხელის მოძრაობის უნარი დროთა განმავლობაში უმჯობესდება და პაციენტი თანდათან მთლიანად გადადის თავისი ძალის გამოყენებაზე. ვირტუალური რეალობით ტვინის „მოტყუება“ აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს და უფრო ეფექტურს ხდის მას“.
პროექტის ავტორების თქმით, მოწყობილობის დამზადების თვითღირებულება 150 დოლარს არ აღემატება. მომავალში ავტორები ფეხისთვისაც შექმნიან მსგავს მოწყობილობას.
წყარო: iliauni.ge