კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც 6-დან 18 თვემდე ბავშვები ჰყავთ, ბავშვების უფასო გამოკვლევა ჩაუტარეს.
აღნიშნული აქცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სოციალური დაცვის ფონდის მიერ ჩატარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აქცია ახალგაზრდა სტუდენტური ოჯახებისა და მომავალი თაობის სრულფასოვნად გაზრდის მიზნით ჩატარდა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა გასინჯეს, მათ შორის დერმატოლოგიური გამოკვლევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ექსპერტმა, ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა, პროფესორმა, ლალი მეკოკიშვილმა ჩაატარა.
როგორ ლალი მეკოკიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანია, სტუდენტებისთვის, რომელთაც 6-დან 18 თვემდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, სრულფასოვანი პირობების შექმნა.
”სამიზნე ჯგუფი არის სტუდენტები, რომელთაც პატარა ბავშვები ჰყავთ, რადგან სტუდენტმა თან სწავლა შეძლოს და თან ბავშვის მოვლა”, – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.
თავის მხრივ, როგორც პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო თოთაძემ განაცხადა, სტუდენტური ასაკი უნივერსალურ ასაკად ითვლება, რადგან სტუდენტმა ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმოს თავის პროფესიას და მაღალ დონეზე აიყვანოს, პარალელურ რეჟიმში შვილს უნდა მოუაროს.
უფასო გამოკვლევები პროექტის, – ”ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს” ფარგლებში ხორციელდება.
აქციაში მონაწილე ბავშვებს ასაკის შესაბამისი საკვები (ფაფა, ხილფაფა, ბოსტნეულისა და ხორცის პიურეები) და მოვლის საშუალებები გადაეცათ.
ფონდის საქველმოქმედო აქცია კლინიკა ”ბაზის” ტერიტორიაზე გაიმართა.