ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მოამზადა.
დოკუმენტში, რომელიც სახელმძღვანელო ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის, ასახულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაციები, მათ შორის:
- რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის;
- რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება;
- რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის;
- ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში;
- პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები;
„სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რეკომენდაციის მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირებისწვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთადამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“ – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს სთავაზობს კონსულტაციებს, რათა მათ კანონის შესაბამისად გაატარონ მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და თავიდან აიცილონ დარღვევები.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს.
რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე.
რეკომენდაცია ხელმისაწვდომია ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე www.personaldata.ge