აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, დღეს ისანი-სამგორის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მათი ორგანიზებით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა უწყების 200-მდე ბენეფიციარს გაეწია.
„ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით გამოკვლევები ჩაუტარდებათ და კლინიკის წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ.
კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები უწყების ბენეფიციარებს წინასწარ შეატყობინებენ.
უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ისარგებლებენ“, – აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.