ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმები ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის წარმომადგენელმა მაია ცინცაძემ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი არიან ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კერძო, ინფექციური საავადმყოფოს გახსნას აპროტესტებენ.
კერძოდ, ცინცაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა უნდა გაიხსნას, რომელსაც ინფექციურის სტატუსი ექნება.
„აქ ვდგევართ და ველოდებით პრემიერ-მინისტრის მოსვლას, რომელმაც „ავერსის“ ინფექციური კლინიკა უნდა გახსნას. ანუ, ერთ ტერიტორიაზე ორი ინფექციური საავადმყოფო იქნება. ჩვენი ცენტრი, რომელიც სახელმწიფოა და გაიხსნება მეორე, კერძო კლინიკა. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ჩვენ დაგვხურავენ. ეს არის ექიმების პროტესტი. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, შემდეგ ჩვენს გვერდით დადგებიან პაციენტები და მათი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, მათ აღნიშნული ფაქტი არაერთხელ გააპროტესტეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროც ინფორმირებული იყო.