მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში – ტრენინგები და ნაციონალური პროტოკოლი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისგან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში – ტრენინგები და ნაციონალური პროტოკოლი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისგან

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად, შეიქმნა აუცილებლობა, ახალი შემთხვევების რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით გატარებულიყო რიგი ღონისძიებები.

სტომატოლოგიური მომსახურება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობაა, რისკის შემცველია მათ შორის C ჰეპატიტის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების ალბათობის თვალსაზრისითაც.

2015 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში შეიქმნა სახელმძღვანელო “ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში”, რომელზე დაფუძნებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

პროგრამას აკრედიტაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიანიჭა. დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 4000-ზე მეტი ექიმი სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული.

ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” და მაღალი  რისკის  შემცველი  სამედიცინო  საქმიანობის  ტექნიკური  რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებითაა  განსაზღვრული.

2016 წელს ასოციაციის ექსპერტთა საბჭომ უკვე ნაციონალური პროტოკოლი დაამტკიცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე, ქ. ბათუმში შედგება.  პროტოკოლის მიზანია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში სისხლის გზით გადამდები ინფექციური დაავადებების გამომწვევის ტრანსმისიის მინიმუმამდე დაყვანა.

ამ მიზნით, პროტოკოლში გადმოცემულია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ინსტრუმენტების დეზინფექციის და სტერილიზაციის სწორი მართვის მექანიზმები, სასტერილიზაციო სივრცის დაგეგმარებისას და სასტერილიზაციო ოთახში მუშაობისას გასათვალისწინებელი საკითხები, ზოგადი ჰიგიენის წესები, დეკონტამინაციის პროცესის ჩატარებისას ინდივიდუალური დაცვის საშულებების გამოყენების წესები, კლინიკური ნარჩენების მართვისა და სასტერილიზაციო ოთახში ინფექციების კონტროლის შესახებ დოკუმენტაციის წარმოების შესახებ დებულებები.

აღნიშნული პროტოკოლი დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესების გონივრული მენეჯმენტის ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს. ის დამყარებულია კვლევებზე, რომლებიც დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესების ეფექტურობას (ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე) და ხარისხს (კლინიკური კვლევების საფუძველზე) აფასებს. პროტოკოლით გათვალისწინებული ინფექციების კონტროლის შესახებ არსებული დებულებები ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული უსაფრთხოების პრინციპების დანერგვას რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში.

დოკუმენტში ასახულია სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის ყველა საფეხური და ხარისხის კონტროლის ყველა საშუალება. გათვალისწინებულია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიები, ისე არსებული და პრაქტიკაში გავრცელებული მეთოდები. პროტოკოლი მორგებულია როგორ მცირე, საშუალო და დიდ სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე, ისე კერძო პრაქტიკის სტომატოლოგებზე.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში ტრენინგები გრძელდება. ტრენინგს უძღვებიან:

ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დავით წერეთელი, მედიცინის დოქტორი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი

– დავით კაპანაძე, სტომატოლოგიური დანადგარების ინჟინერი

13389085_895452023933289_2122110793_o

ტრენინგის თემატიკა:

  • სტომატოლოგიური პერსონალის ხელების ჰიგიენა;
    • სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ობიექტების ზედაპირების როლი ინფექციების გავრცელებაში;
    • დეზინფექტანტების აქტივობაზე მოქმედი ფაქტორები;
    • დეზინფექციის ძირითადი მეთოდები;
    • წინასასტერილიზაციო დამუშავება;
    • სტერილიზაცია;
    • სტერილიზაციის ხარისხის კონტროლი;
    • დეკონტამინაციის გარემოს მოწყობა – ძირითადი მოთხოვნები;
    • სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, სტერილიზაცია – ხარისხის ძირითადიკრიტერიუმები;
    • დეკონტამინაციის პირველი ეტაპი – ინსტრუმენტების მანუალური/ავტომატური წმენდა;
    • ინსტრუმენტების დეზინფექცია, ძირითადი მოთხოვნები;
    • ინტრუმენტების ინსპექცია;
    • სტერილიზაცია – სტერილიზატორის სახეობები, სტერილიზაციის ეტაპის მონიტორინგი;
    • გასტერილებული ინსტრუმენტების შენახვა;
    • ნარჩენების შეგროვების, შენახვის და დამუშავების წესები;

ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტომატოლოგთა ასოციაციას:

მისამართი:  ქ. თბილისი, 0108, რ. თაბუკაშვილის ქ.27 

ტელეფონი: 2309711

მობ: 595532353
E-mail:info@gsa.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …