ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა. კომპანია ჯენერიკ – მედიკამენტებს ინდოეთიდან შემოიტანს.
როგორც „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ია დავითაია ამბობს, მთავარი მედიკამენტის ხარისხია და არა წარმოების ადგილი და ქვეყანა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ინდოეთში ფარმაცევტული ინდუსტრია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული:
“არ აქვს მნიშვნელობა, მედიკამენტი სად იქნება წარმოებული, თუ არის ხარისხიანი და გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. მოსახლეობაში გარკვეული სტერეოტიპი არსებობს, ინდურ მედიკამენტებს დიდად არ ენდობიან, მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, ინდოეთში ფარმაცევტული საქმიანობა, მედიკამენტების წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული და ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა, ყველგან არის ხარისხიანი და უხარისხო საქონელი, მათ შორის ჩვენთანაც.
მე ვერ გეტყვით, რამდენად გაამართლებს ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოთავაზებული მედიკამენტები, მაგრამ მთავარი შედეგია. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ წამალს ექნება შედეგი, არ ექნება მნიშვნელობა მის მწარმოებელ ქვეყანას“.