საქართველოს ბანკის ფონდმა – „სიცოცხლის ხე“, 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის გეგმების შესახებ განაცხადა.
2016 წლის განმავლობაში, ფონდმა განაგრძო ზრუნვა განათლების ხელშეწყობასა და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით, რის ფარგლებშიც განხორციელდა 20-ზე მეტი პროექტი და საერთო დაფინანსებამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
„სიცოცხლის ხემ“ განახორციელა:
- პროექტები შშმ პირების საზოაგადოებაში ინტეგრაციისა და განათლების ხელშეწყობისთვის;
- კამპანიები შშმპ თემატიკაზე საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელად;
- დააფინანსა სტიპენდიები აბიტურიენტებისა და სამაგისტრო პროგრამის მონაწილეებისთვის.
2016 წელს ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება – გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. ხსენებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 5 საწარმოს პროექტი თითოეული 50,000 ლარამდე მოცულობის დაფინანსებით. 2016 წელს, „სიცოცხლის ხემ“ 40-მდე პირს გადაცა ეტლები და დამოუკიდებელი გადაადგილების დამხმარე საშუალებები.
ფონდმა ასევე, გაარემონტა და ავეჯით აღჭურვა რუსთავში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 6 მზრუნველობამოკლებული მოზარდი ცხოვრობს. 2016 წელს, ფონდის ხელშეწყობით მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდა „საქართველოს ბანკის“ 10 სერვისცენტრი; საერთო ჯამში, ამ დროისთვის, „საქართველოს ბანკის“ 23 სერვისცენტრია ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
2017 წელს „სიცოცხლის ხე“ მუშაობას გააგრძელებს ძირითადი პრიორიტეტების თანახმად და განახორციელებს რამდენიმე ინოვაციურ პროექტს, მათ შორის:
- ფონდი გამოაცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად;
- გაუშვებს donate.ge-ს – ერთიან საქველმოქმედო პორტალს, სადაც შესაძლებელი იქნება შესაწირის გაკეთება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში და,
- ასევე, ნივთების დონაცია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ბავშთა სახლების დასახმარებლად.
კერძოდ, პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ნივთის უანგაროდ გაცემა, რომლის ტრანსპორტირებასაც „სიცოცხლის ხის“ კურიერი განახორციელებს მიზნობრივად;
„სიცოცხლის ხე“ ასევე, გამოაქვეყნებს ფინანსურ ლექსიკონს, რაც ხელს შეუწყობს ფინანსების სფეროში ცოდნის გავრცელებას – ნებისმიერ მსურველს ექნება ინფორმაცია იმ საფინანსო ტერმინებზე რომლებიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია და რთულად აღსაქმელი; ქალაქში არსებული ეკოლოგიური და სატრანსპორტო პრობლემების შემცირების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდება საავტომობილო დამგზავრების აპლიკაცია, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ დაემგზავრონ ერთმანეთს და ერთობლივად გამოიყენონ ნაკლები სატრანსპორტო საშუალება; მოხდება „საქართველოს ბანკის“ დამატებით 15 სერვისცენტრის ადაპტირება შშმ პირებისთვის; ბანკის სერვისცენტრები ასევე აღიჭურვება ტაქტილური ბილიკებით, სპეციალური მანიშნებლებითა და ბრაილის შრიფტის წარწერებით; განხორციელდება „საქართველოს ბანკის“ 11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის.