მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს
„სამიზნე სიცოცხლისთვის“- კამპანიამ „BluforPink“ სტარტი აიღო. „ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს

„ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს

„სამიზნე სიცოცხლისთვის“ – კამპანიაBluforPink“ სტარტი აიღო ხვალ, 26 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  „ევროპა დონა -საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება და კიდევ ერთხელ შეხსენება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს,  მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი  სამსახურების, „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, კამპანიის მხარდამჭერები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში „ევროპა დონა-საქართველომ“  სწორედ ამ სახელწოდებით, დაიწყო საინფორმაციო კამპანია  „სამიზნე სიცოცხლისთვის“. აქცენტები გაკეთდა ძვირადღირებულ  პრეპარატზე , რომელიც  ეფექტურია, თუმცა  პაციენტებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი.

შემუშავდა პეტიცია, რომლის მიხედვით ხელმომწერები სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის დამიზნებით ბიოლოგიურ პრეპარეტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვდნენ. 

მოგვიანებით, თბილისის საკრებულომ, მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს  უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის 320 პაციენტის  მკურნალობა  ბიუჯეტიდან დაფინანასდა.

„უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც – „დამიზნებითი თერაპია“.

რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. 320 პაციენტის სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ცალსახად სახელმწიფოს მხარდაჭერის დამსახურებაა, ამ ქალბატონებს შედარებით ნაკლებ სტრესში უწევთ ცხოვრება, რის ფონზეც მკურნალობაც უფრო ეფექტურია.

ახლა დროა, ვიფიქროთ მეტასტაზურ პაციენტებზე და მათი დროული მკურნალობისთვის გამოსავლის ძიებაზე. ჩვენი კამპანიის მეორე ეტაპზეც, სამიზნედ ისევ სიცოცხლეა. საქართველოში დამიზნებითი თერაპია პაციენტთა უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის,“ – განმარტავს „ევროპა დონა-საქართველოს“ პრეზეიდენტი ანა მაზანიშვილი.

„სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ ახალი ინიციატივით გამოდის და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად, იწყებს კამპანიას „BluforPink”, რომელშიც ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს კომპანიასა და ინდივიდუალურად  მოქალაქეებს .საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში  900-ზე მეტი ქალი იღუპება. დროულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, სიმსივნე განკურნებადია.

კამპანია მიზნად ისახავს, იმ ქალების სიცოცხლისთვის აუცილებელი ფინანსების მოგროვებას, ვისაც სამკურნალოდ საშუალება არ აქვს. შეგროვილი  თანხა მთლიანად გადაირიცხება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქველმოდმედო ფონდში „ევროპა დონა-საქართველო“. 

საქველმოქმედო აქციის წესები

  1. გადაიღე ფოტო – ლურჯი მაისურით/დეტალით/მაკიაჟით
  2. ატვირთე ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთაგით – #BluForPink
  3. გამოიწვიე კამპანიაში ჩასართველად შენი 3 მეგობარი ან მეგობარი კომპანია
  4. გადარიცხე თანხა – მობ: 0 901 700 002
    საქართველოს ბანკი: GE 82 BG 0000 0001 6254 9800
    თი ბი სი ბანკი: GE 42 TB 7168536020100002

„ევროპა დონა საქართველოს“ – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც  საქველმოქმედო  აქტივობებს პერიოდულად  ახორციელებს. ჩვენ ვართპაციენტები პაციენტებისთვის“.  მთავარი სამიზნე ჩვენთვის სიცოცხლეა , ონკოლოგიური პაციენტებისთვის კი სიცოცხლე ის შანსია , რაც მიზანმიმართული და  სათანადო მკურნალობის შედეგად გვეძლევა. ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი განახორციელა,რომლის ფარგლებშიც დახმარება გაეწია მრავალ ქალბატონს. 

ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ! მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორი  საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …