მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად
ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია

ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

2016 წლის 3 ნოემბერს 15:00 საათზე სასტუმრო „Holiday Inn”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით

ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ევროპაში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ძირითადი მიზეზი – ინფორმაციის ნაკლებობაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა.

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად ერთერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, ხოლო ქალთა შორის იგი პირველ ადგილზეა. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა.

კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით 2015 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლი (94.2 ასი ათას მოსახლეზე) აღემატებოდა ევროგაერთიანების და რეგიონის ქვეყნების ავადობის მაჩვენებლებს. ძუძუს კიბო ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა, ის შედარებით სუსტად არის ასოცირებული ქცევით რისკის ფაქტორებთან (თამბაქო, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება), ამდენად, მის ტენდენციებს სოციალური და რეპროდუქციული ფაქტორები განაპირობებენ; მაგალითად, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, ურბანიზაცია, პირველ სრულ ორსულობა მოგვიანებით ასაკში, შვილების მცირე რიცხვი, აბორტები და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ყოველწლიურად ქ.თბილისში ახორციელებს პროექტს “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“. წელს მარათონი ზეიმობს ათი წლისთავს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქციები სხვადასხვა აქტივობებით გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ქ.თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს წარმომადგენლები.

შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად!

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია თითოეული ოჯახის, შვილებისა და ქვეყნისათვის!  

მისამართი: ქ.თბილისი, 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „Holiday Inn” საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, მარიკა დავითულიანი 599 25 71 72

NCDC

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …