მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » EBRD-მა ყოფილი ლეჩკომბინატის რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD კორპორაცია ევექსს კლინიკა დეკას ყოფილი ლეჩკომბინატის განახლებისთვის 10 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

EBRD-მა ყოფილი ლეჩკომბინატის რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ კლინიკა „დეკას“ (ყოფილი „ლეჩკომბინატის“) განახლებისთვის 10 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

როგორც ევრობანკში აცხადებენ, რეკონსტრუქციის შედეგად, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება, ახალი საავადმყოფო ზოგადი, ინტერვენციული და კარდიოქირურგიის უახლესი აპარატურით აღიჭურვება.

„დაფინანსება საშუალებას მისცემს „დეკას”, განავითაროს და პაციენტებს შესთავაზოს ისეთი დამატებითი მომსახურება, როგორიცაა ონკოლოგია და რადიოლოგია, რომლებზეც ამ ეტაპზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ამგვარად, ის იქცევა ფართომასშტაბიან და მრავალპროფილიან საავადმყოფოდ. დაგეგმილია, რომ საავადმყოფოში 310 საწოლი იქნება“, – აცხადებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში.

სესხთან ერთად EBRD–ის  FINTECC-ის  პროგრამის  ფარგლებში „ევექსი“  250 000 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. თანხა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას მოხმარდება, მათ შორის, ორთქლის საქვაბეს, დიოდური განათების, მზის ფოტოელექტროსისტემის დამონტაჟებას.

„ევექსი“, რომლის მფლობელია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG), 2009 წლიდან ოპერირებს; ის კერძო ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი ინსტიტუციაა. კომპანია „დეკასთან“ ერთად, 44 კლინიკას 6 სხვადასხვა რეგიონში ფლობს.  2015 წლის ნოემბერში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციების პირველადი განთავსება შეძლო.

რაც შეეხება EBRD-ის, ის საქართველოში წამყვანი ინვესტორია. ქვეყანაში მუშაობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა 190 პროექტში უკვე 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. როგორც ევრობანკის კავკასიის ქვეყნების, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ გასულ კვირას განაცხადა, 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება, ორგანიზაცია, დაახლოებით, 400 მილიონი ევროს ღირებულების პრიექტები დააფინანსებს.

eugeorgia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …