მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კუს ტბაზე ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მარათონი ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით.

კუს ტბაზე ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

2016 წლის 6 ნოემბერს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია.

საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად მარათონი მიმდინარეობს სლოგანით გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მარათონში მონაწილეობა მიიღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა.

მარათონი ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ. მარათონით მოხდება განათლების გაძლიერებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა.

არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასო სერვისები, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოყენება არ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომ არის აუცილებელი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები რეგულარულად. ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში.

კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით 2015 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლი (94.2 ასი ათას მოსახლეზე) აღემატებოდა ევროგაერთიანების და რეგიონის ქვეყნების ავადობის მაჩვენებლებს. ძუძუს კიბო ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა, ის შედარებით სუსტად არის ასოცირებული ქცევით რისკის ფაქტორებთან (თამბაქო, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება), ამდენად, მის ტენდენციებს სოციალური და რეპროდუქციული ფაქტორები განაპირობებენ; მაგალითად, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, ურბანიზაცია, პირველ სრულ ორსულობა მოგვიანებით ასაკში, შვილების მცირე რიცხვი, აბორტები და ა.შ.

აქცია – მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეთერთმეტედ იმართება საქართველოში და იგი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” თბილისში დაფუძნდა და გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს აქციად.

10 000 ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა. მსგავსი აქციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა ნენსი ბრიკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო “მარათონი გადარჩენისათვის”.

მარათონმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში და აშშ-ში ტრადიციად იქცა. 2016 წელს საქართველოს „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ტარდება სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გამარჯვებულ ქალთა კლუბის, ბი-პი-ს, შპს როშ ჯორჯიას, ბანკი რესპუბლიკას, საქველმოქმედო ფონდი „ავერსის“, კუს ტბა კალას, ჯორჯიან ივენთის, ჰელფინგ ჰენდის, IDS ბორჯომი საქართველოს, ჯორჯიან ბეიკერსის, Holliday Inn თბილისის საქართველო, შპს გეოპლანტის – ჩაი გურიელის, სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მხარდაჭერით.

მარათონის ფარგლებში მოეწყობა რბოლა – გამარჯვებულების დაჯილდოვება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. ვიმედოვნებთ, რომ აქცია ხელს შეუწყობს ქალთა ჯანმრთელლობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის გაზრდას. მარათონში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ განურჩევლად ასაკისა და სქესისა. თქვენც შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია თითოეული ოჯახის, შვილებისა და ქვეყნისათვის. 

NCDC

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …