ყოველი წლის 10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის 10 სექტემბრის დევიზია:,,დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება’’
ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის’’ 19:00 საათზე მართავს საჯარო დისკუსიას თემებზე:
- ზოგადი ფაქტები სუიციდზე, მითები და რეალობა;
- სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმები;
- საქართველოს მედიასივრცეში სუიციდის თემის გაშუქების პრობლემები.
დისკუსიის მოდერატორები იქნებიან ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის’’ ფსიქიატრი ეკა ჭყონია და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი გიორგი დონაძე.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. სტასტიტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.
საქართველოს, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობაა, შევამციროთ სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობა, ვიყოთ მათ გვერდით, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება”, – აცხადებენ დისკუსიის ორგანიზატორები.