მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ცოცხალი ჯაჭვი რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად
30 ივნისს, 11:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მხარდამჭერი ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართება.

ცოცხალი ჯაჭვი რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად

30 ივნისს, 11:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მხარდამჭერი „ცოცხალი ჯაჭვის“ აქცია გაიმართება.

პაციენტების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: “ყველაფერი ჩვენს ხელშია”, აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების – რევმატოიდული ართრიტის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია – ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, ჩაერთოს „ცოცხალ ჯაჭვში“ და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს: „ჯანმრთელი სახსრები – ეს მიღწევადია“. 

„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს სახსრების გაუსაძლისი ტკივილის გამო უჭირთ მოძრაობა, სახსრები დეფორმირდება, კარგავს ფუნქციას და საბოლოოდ მოძრაობა ეზღუდებათ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში, რადგან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გაზრდის შანსს, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა.

„ჩაგვკიდე ხელი – შემოუერთდი ცოცხალ ჯაჭვს!” – აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარინა საღარაძე.

დასასრულს, ცნობილი გახდება ონლაინპეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა და გამოქვეყნდება შედეგები, რომელიც გადაიგზავნება ჯანდაცვის სამინისტროსა და საკრებულოში, საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.

ღონისძიების საკომუნიკაციო კამპანიას უზრუნველყოფს კომპანია „ჯეპრა“.

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი დაფუძნდა წელს, 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიკოსები და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, კავშირის მხარდამჭერებთან ერთად.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები.

სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა: თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ, სამწუხაროდ, დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წელს. კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …