10 ივნისს, 13:00 საათზე, „ახალ მზიურში“, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის სახელით საინფორმაციო კამპანიის „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში გაიმართა ფოტოპროექტის „ცხოვრება რევმატოიდული ართრიტით – როცა მარტივიც ურთულესია“ პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ფოტოებზე, რომლის ავტორია გოგო ჩანადირი, ასახულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების ყოველდღიური ცხოვრება, ის მარტივი ყოველდღიური აქტივობები, რომლის განხორციელებაც მათ დაავადების გამო ძალიან უჭირთ და ხშირ შემთხვევაში ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. აღნიშნული პროექტით პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა და დაანახონ ის რეალობა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.
მოწვეულ სტუმრებს დაავადების სიმძიმესა და შექმნილი პრობლემების შესახებ მიმართეს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის” თავმჯდომარემ ინგა მამუჩიშვილმა, დამფუძნებლებმა მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძემ, ასევე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.
ღონისძიებას “ჯეპრას” კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი უძღვებოდა.
დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით. სპეციალურ ბანერზე კი პაციენტები დააფიქსირეა საკუთარი პრობლემები და სურვილები.