ბოტანიკურ ბაღში დღეს გარემოსდაცვითი ღონისძიება ”მინდა ვისუნთქო“ გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან აცნობეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრების ორგანიზებითა და ავტო იმპორტიორთა კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ღონისძიება ”მინდა ვისუნთქო“ გაიმართება.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ჰაერის დაბინძურებისა და გამწვანების თემებზე გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ”ღონისძიების მიზანია, ავტომობილების მხრიდან ჰაერის დაბინძურების პრობლემის ხაზგასმა და ცნობიერების ამაღლებაა. ერთი ავტომობილის ძრავა, ადამიანთან შედარებით 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს.
ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშიროჟანგია, რომელიც სისხლის ჰემოგლობინს უერთდება და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, აქციის დასასრულს დამსწრე საზოგადოება, დაბინძურებული ჰაერის სიმბოლოს სახით, ნაცრისფერ ბუშტებს ჰაერში გაუშვებს და სურვილებს გაატანს.