მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოში მოქმედი ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის შეთავაზებული პროგრამების თაობაზე ინფორმაციის გაცვლას, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, რათა სამომავლოდ ხელი შეეწყოს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების კოორდინირებულ დაგეგმვას, სერვისების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვას.

”ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის, მათი სოციალური რეაბილიტაციის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს სერვისების მოცულობის გაფართოების საჭიროებას. მართალია, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესებს, თუმცა სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებები მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებების კვლევის და სტატისტიკის არქონის პირობებში იგეგმება. შედეგად ქვეპროგრამების მაძიებელთა რეესტრი მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა.

მუნიციპალიტეტებში სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული მწირი რესურსი უმეტესად ერთჯერად ღონისძიებებს ხმარდება ან ფრაგმენტულად აისახება სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

მწირია სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვის დროს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობის პრაქტიკა. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ადგილობრივ თვითმმართველობას გაუწიონ შესაბამისი კონსულტაცია ასეთი ღონისძიებების დაგეგმვის დროს”, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

მათი ცნობით, არსებული პროგრამების ხარვეზებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს მშობელთა ორგანიზაციის – ”ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენლებმა, ასევე პროფესიონალებმა, რომლებიც პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ.

 

სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრუნველყონ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობის ზრდა და მათი მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის; ყურადღება გაამახვილონ რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

”ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს არსებული რესურსების სწორად განაწილება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მათ საჭიროებებზე გათვლილი პროგრამების შეთავაზება”,- განაცხადა ომბუდსმენმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …