მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბავშვთა ცერებრული დამბლის და ტერფმრუდობის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები
ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია.

ბავშვთა ცერებრული დამბლის და ტერფმრუდობის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები

ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია.

ერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია ბავშვის მოტორული განვითარების შეფერხება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მოძრაობითი დარღვევები ხშირად შერწყმულია მგრძნობელობით პრობლემებთან, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებასთან, კრუნჩხვასთან. თუმცა შეიძლება, დაავადების დროს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იყოს.

დაავადება თანდაყოლილია. ახალშობილებში ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. ასაკის მატებასთან ერთად კი სიმპტომები უფრო თვალნათლივ ვლინდება.

რა არის ბავშვთა ცერებრული დამბლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები, არის თუ არა დაავადება გენეტიკური, როგორია მკურნალობის მეთოდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რამდენად სასარგებლოა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟების კურსი, რა სიხშირით ვლინდება ბავშვთა ცერებრული დამბლა?


ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ფერაძე. 

– გთხოვთ, განგვიმარტოთ რას ნიშნავს ტერმინი ბავშვთა ცერებრული დამბლა და რა განსხვავებაა მის მიერ განპირობებულ და სხვა მიზეზებით განვითარებულ ტერფმრუდობას შორის? 

– ბაცშვთა ცერებრული დამბლა თავის ტვინის თანდაყოლილი დაზიანების შედეგად წარმოშობილი პათოლოგიაა. ტვინი არასწორად ანაწილებს სხეულის კუნთების ფუნქციას, ზოგ კუნთს ჭარბად ამუშავებს, ზოგი კი პირიქით, მოდუნებულია. კუნთების წონასწორობის დარღვევის შედეგად კი ვითარდება კიდურების დეფორმაციები. მათ შორის შეიძლება იყოს ტერფმრუდობის ტიპის დეფორმაციაც, თუმცა საკუთრივ ტერფმრუდობა ეს არის ქვემო კიდურების კუნთების იზოლირებული დაზიანება შესაბამისი მრუდე ტერფის ჩამოყალიბებით. ამ დროს ტვინის დაზიანება არ აღინიშნება.

– რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება? 

– დაავადება თანდაყოლილია და ვლინდება პრაქტიკულად დაბადებისთანავე. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია: კუნთოვანი ტონუსის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები, პოზის შენარჩუნების შეუძლებლობა. ყოველივე ამას ხშირად თან ერთვება ფსიქიკის და მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები თუმცა ეს სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება და სავსებით შესაძლებელია, ბავშვი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ერთგვარად განსხვავდება ცერებრული დამბლის სახიდან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ქვემო კიდურების დაზიანებით მიმდინარე ფორმებიც. ამასთან, იზოლირებული ტერფმრუდობის დროს არ არის დარღვეული სხვა კიდურების კორეგირებული მოძრაობები, რაც განასხვავებს ჩვეულებრივ ტერფმრუდობას ბავშვთა ცერებრული დამბლით გამოწვეული დეფორმაციებისგან.

– რა სიხშირით ვლინდება ბავშვთა ცერებრული დამბლა? 

– 2000 წლამდე ჩატარებული სტატისტიკური კვლევებით, ბავშვთა ცერებრული დამბლით ბავშვის დაბადების ალბათობა იყო 0.3% (ამ დაავადებით 1000 ბავშვიდან 3 იბადებოდა). ასეთივე პროცენტი იყო იზოლირებულ, ცალმხრივ ან ორმხრივ ტერფმრუდობაზე. შემდგომ წლებში ჩატარებული კვლევების მონაცემები არაერთგვაროვანია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს დაავადების პროცენტის მატებას, რასაც მეცნიერები უკავშირებენ გაუარესებულ ეკოლოგიურ და სოციალურ ფონს.

– რა არის დაავადების ძირითადი გამომწვევი ფაქტორები? 

– მკვლევარები მრავალ გამომწვევ ფაქტორს ასახელებენ. მათგან წამყვანია ჩასახვისა და ორსულობის პერიოდში გამოვლენილი: ენდოკრინული, ინფექციური დაავადებები, დედისა და ნაყოფის იმუნოლოგიური შეუთავსებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნე ჩვევები და სხვადასხვა სახის მუდმივი ინტოქსიკაცია და სხვა. აგრეთვე დადგენილია თანხვედრა დედის რისკ–წლოვანებასა და დაავადების სიხშირეს შორის.

– არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკური? 

– ამ თემაზე კამათი არ წყდება. ითვლება, რომ არსებობს ერთგვარი გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა ამის უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ გენეტიკური ფაქტორი მეტად აქტუალურია ტერფმრუდობისთვის, ხოლო საკუთრივ ბავშვთა ცერებრული დამბლისთვის მნიშვნელოვანია ჩასახვის პერიოდსა და ნაყოფის განვითარების დროს მომხდარი მავნე ზემოქმედება.

– როგორ მკურნალობთ ბავშვთა ცერებრულ დამბლას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში? 

– მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, ბავშვთა ცერებრული დამბლის გამომწვევი ტვინის დარღვევები დღესდღეობით არ იკურნება. თუმცა არის მრავალი მეთოდი, რომელიც უმსუბუქებს პაციენტს ცხოვრებას და საშუალებას იძლევა ასეთი პაციენტი სრულფასოვნად ჩაერთოს სოციუმში.

ყველაზე მტკივნეული თემაა კიდურების დეფორმაციები, რომელთა გამო პაციენტს არ შეუძლია გადაადგილება. ეს დეფორმაციები კონსერვატულ მკურნალობას ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარება, რადგან ტვინიდანვე არასწორად არის გადანაწილებული კუნთების ტონუსი და რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ (მასაჟი, მექანოთერაპია და ა.შ.), დროთა განმავლობაში დეფორმაცია ღრმავდება. ერთადერთი ქმედითი მეთოდია ქირურგიული ჩარევა, რომლის მიზანია კუნთებისა და მყესების სიგრძის შეცვლა ისე, რომ სახსრებმა სასურველი პოზიცია მიიღოს.

– ბატონო ირაკლი, საუბრობდით გამოგონების შესახებ. გთხოვთ, მკითხველს განუმარტეთ რა უპირატესობით სარგებლობს ეს მეთოდი? 

– ოპერაციებს, რომლებიც ტარდება ტერფმრუდობის და ქვემო კიდურების სხვა მიზეზებით გამოწვეული დეფორმაციების გამო დიდი ისტორია აქვს, თუმცა წამყვან კლინიკებშიც კი ამ ქირურგიული ჩარევების შემდეგ შემთხვევათა თითქმის 30%ში ფიქსირდება დეფორმაციების რეციდივი (ხელახალი დეფორმაცია). ამის მიზეზია ის, რომ ავადმყოფი ტვინი ოპერაციის შემდეგაც აგრძელებს ამ კუნთების არასწორად და ჭარბად „გაქაჩვას“, შესაბამისად ტერფმრუდობაც და სხვა დეფორმაციებიც ბრუნდება.

ჩვენი გამოგონების არსია ის, რომ ის კუნთები და მყესები, რომელიც იწვევს ამ დეფორმაციებს, გადაიტანება სახსრის საპირირსპირო მხარეს. ამით ჩვენ ავადმყოფ ტვინს „ვატყუებთ“. რაც უფრო მეტად „ქაჩავს“ ტვინი ასეთ გადატანილ მყესს, მით მეტად უმჯობესდება სახსრის პოზიცია, ვინაიდან ის მყესი, რომელიც იწვევდა დეფორმაციას, ჩვენს მიერ გადატანილია ამავე დეფორმაციის გამოსასწორებელ პოზიციაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად ცდილობს ავადმყოფი ტვინი დააზიანოს სახსარი, მით მეტად უნებლიედ იწვევს მის გამოსწორებას. პრინციპში დაავადების გამოსასწორებლად ავადმყოფობის თვისებასვე ვიყენებთ, ამიტომაც ჩვენი მეთოდიკის გამოყენებით 30%-დან 3%-მდეა დაყვანილი რეციდივების პროცენტი. ამასთანავე, მდგომარეობა დროთა განმავლობაში გადანერგილი მყესების ხარჯზე  უმჯობესდება.

– რამდენად სასარგებლოა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟების კურსი? 

– ქირურგიული გზით მყესების და კუნთების სწორ პოზიციაში გადატანის და სახსრის პოზიციის ფიზიოლოგიურთან მიახლოების შემდეგ უაღრესად მნიშვნელოვანია მუდმივი ვარჯიშები. ეს არა მხოლოდ სპეციალისტთან მასაჟების და მექანოთერაპიის კურსებია, მშობლებმა აქტიურად უნდა აითვისონ მასაჟის და ვარჯიშის მეთოდები. იზოლირებული ტერფმრუდობის შემთხვევაში სხვა სპეციალისტების ჩარევა საჭირო არ არის, ხოლო ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტის მართვას ძირითადად ახორციელებს ნევროლოგი. ქირურგია დეფორმაციების გამოსწორების ეტაპზეა მნიშვნელოვანი, მუდმივი კონტაქტი უნდა გვქონდეს ნევროლოგთან და ფიზიოთერაპევტთან.

მსურს მკითხველს განვუმარტო, რომ ბავშვთა ცერებრული დამბლა, თუ სწორად ვმართეთ, ხშირად სულაც არ არის განაჩენი. ასეთი პაციენტები სპორტსაც კი მისდევენ. უფრო მეტიც, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენს პაციენტს იმის მტკიცება მოუწია, რომ ეს დაავადება ჰქონდა, რადგან იმდენად კარგი შედეგი მივიღეთ. სამედიცინო დოკუმენტაცია გავატანეთ სპორტკომიტეტში, რომ ნამდვილად ბავშვთა ცერებრული დამბლით არის დაბადებული. ჩვენი ჩარევის და კარგი რეაბილიტაციის შემდეგ ტერფმრუდობის მქონე პაციენტების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად სრულფასოვნად ცხოვრობს. გვეწვიეთ და იმედს ნუ დაკარგავთ! ერთად ვებრძოლოთ ამ სენს და მივაღწიოთ გამარჯვებას.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი   ეკატერინე ციცხვაია

kirurgia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …