ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ დღეს შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციაზე ანგარიშს წარადგენს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ხოლო კვლევითი ორგანიზაციის IT, Research & Metadata Solutions (IRMS) წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს.
მათი ცნობით, კონფერენცია წარიმართება მოხსენებებისა და დისკუსპანელების ფორმატში.
„აუტიზმის სპექტრის შესახებ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებებს წაიკითხავენ ექსპერტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიდან, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრიდან, საქართველოს აუტიზმის ასოციაციიდან, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასოციაციიდან და თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის მრავალპროფილური კლინიკიდან.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოში აუტიზმთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა სანდრო დარსაველიძის ფოტონამუშევართა გამოფენა. კონფერენციაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს 5 დეკემბრისა“, – აღნიშნულია ილიას უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.