საჩხერის მრავალპროფილურმა საავადმყოფომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მეოთხე სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერეციას საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და მედპერსონალთან ერთად ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სრული პროფესორი სამსონ ქაჯაია, კომპანია „უნიმედი“-ს ხელმძღვანელი ზაზა კევლიშვილი და სლოვაკეთიდან მოწვეული სტუმრები – სლოვაკეთის ანესთეზიის ასოციაციის პროფესორი პაველ ტორეკი და კომპანია „ხირანა“-ს დირექტორი იან პოპულაკი.
პროფესორმა ტორეკმა მრავალდონიანი დადებითი წნევით ხელოვნური ვენტილაციის შესახებ წაიკითხა მოხსენება.
კონფერენციაზე, რომელიც ამჯერად ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დარგში არსებულ სიახლეებსა ეძღვნებოდა, შესავალი სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი სამსონ ქაჯაია.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა „ხირანას“ ფირმის ულტრატანამედროვე სასუნთქი აპარატის პრეზენტაცია. წარმოდგენილი აპარატის უპირატესობა მრავალდონიანი დადებითი წნევით ვენტილაციის პრინციპით მუშაობა გახლავთ და, როგორც პროფესიონალებმა აღნიშნეს, მართვითი სუნთქვის სფეროში ნამდვილი ინოვაციაა.
„გასული საუკუნის 80-იან წლებში ყველას ეგონა, რომ აპარატურული სუნთქვა თავისი განვითარების პიკზე მივიდა, მაგრამ გამოჩნდა სლოვაკი მეცნიერი პაველ ტერეკი, რომელმაც განაცხადა, რომ მრავალდონიანი დადებითი წნევების ზემოქმედებით, სუნთქვის ციკლიდან (არამარტო საკუთარი სუნთქვის, არამედ აპარატული სუნთქვის ციკლიდან) გამოთიშული ფილტვის უბნების გაშლას და იქ ჰაერის და შესაბამისად, ჟანგბადის მიტანას შეძლებდა. სლოვაკი მეცნიერის განცხადება დაუჯერებელად ჟღერდა და სამედიცინო წრეებმა არ მიიღეს, თუმცა ტერეკი „არ დანებდა“ და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ სლოვაკურ ფირმა „ხირანასთან“ ერთად ეს უნიკალური სასუნთქი აპარატი შექმნა.
შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ამ აპარატის პრეზენტაცია საქართველოს მასშტაბით, პირველად საჩხერეში გაიმართა. მოგეხსენებათ, საჩხერის რაიონული საავადმყოფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებულ, ანუ საუნივერსიტეტო კლინიკას წარმოადგენს და უკვე მრავალი წელია, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამით რეზიდენტებს ამზადებს.
იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი დამეგობრებულია საჩხერესთან და სამედიცინო უნივერსიტეტის მეგობრები ასევე სლოვაკებიც არიან, გადავწყვიტეთ, ახალი აპარატის პრეზენტაცია საჩხერეში ჩაგვეტარებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლებს ეს აპარატი ბათუმში, ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, ასე რომ, საჩხერე აქაც არ თმობს პირველობას“ – განმარტა პროფესორმა სამსონ ქაჯაიამ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ სასუნთქი აპარატი ინჟინრებმა გამართეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ ერთ-ერთ მძიმე პაციენტზე მოახდინეს მისი აპრობაცია, რომლის დროსაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ამ უნიკალური აპარატის ეფექტურობა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საავადმყოფო დაათვალიერეს და დაწესებულების ადმინისტრაციასაც გაესაუბრნენ. საავადმყოფოს დირექტორმა ეკატერინე ტიკარაძემ უცხოელ სტუმრებს საავადმყოფოს მიღწევები გააცნო და სამომავლო პერსპექტივებზეც ესაუბრა.
„საჩხერის რაიონული საავადმყოფო 2005 წელს, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ამოქმედდა და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი სტანდარტების კლინიკა საქართველოში არ არსებობდა. მხოლოდ ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის მიმართულებით რომ ვიმსჯელო, ეს გახლავთ პირველი კლინიკა ამიერკავკასიაში, რომელსაც სრულად ბოქსირებული რეანიმაცია გააჩნია.
ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პალატას გააჩნია ინდივიდუალური ჰაერის მომწოდებელი და გამწოვი სისტემა ფილტრაციით; პაციენტი მაქსიმალურად დაცულია შიდა ჰოსპიტალური ინფიცირებისგან; ბოქსები გაკეთებულია კაპიტალურად, ყველა ნორმის დაცვით; მოქმედებს სამედიცინო ნარჩენების განადგურების დახვეწილი სისტემა, რომელიც ზოგიერთ წამყვან კლინიკაში მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს… ასე რომ, საჩხერის საავადმყოფო ჯერ კიდევ 2005 წელს უსწრებდა სხვა ქართულ კლინიკებს, მინიმუმ ათი წლით.
დარწმუნებული ვარ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, უკვე ტრადიციად ქცეული კონფერენციებითა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მედპერსონალით, ეს საავადმყოფო კიდევ უფრო აღორძინდება და ქართული მედიცინის „ფლაგმანი“ გახდება“ – აღნიშნა დაწესებულების დირექტორმა სტუმრებთან საუბარში.
ვიზიტის დასასრულს უცხოელმა სტუმრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
„დავათვალიერეთ საჩხერის საავადმყოფო და დავრწმუნდით, რომ ის მაღალი სტანდარტებისაა, მე ვიტყოდი ისეთივე მაღალი სტანდარტების, როგორიც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია. მართალია ამ მოკლე ვიზიტის ფარგლებში ძალიან ძნელია ყველაფერი დეტალურად შეისწავლო, მაგრამ ეს ვიზიტი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე, თუ რამდენად მოწოდებულია დაწესებულების ადმინისტრაცია და საავადმყოფოს პერსონალი საუკეთესო მუშაობისთვის. ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ და იმედი გვაქვს რომ კიდევ ჩამოვალთ ამ ულამაზეს მხარეში.“ – აღნიშნა პროფესორმა პაველ ტორეკმა.